skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა კვორუმის უქონლობის გამო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ვერ მოუსმინა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კვორუმის უქონლობის გამო, ორი მცდელობის მიუხედევად, 23 თებერვალს თბილისში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მოსასმენად სხდომა ვერ გამართა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, კოტე კუბლაშვილს შეცვლის, რომელსაც მისი 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ამოეწურა.

პლენარულ სხდომაზე კანდიდატის დამტკიცებამდე, რასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, კანდიდატურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

თუმცა კომიტეტის 14 წევრიდან მხოლოდ 6 გამოცხადდა თბილისში დაგეგმილ სხდომაზე ორშაბათს დილით, რაც ორი დეპუტატით ნაკლები იყო იმისათვის, რომ შეკრება ლეგიტიმურად ჩათვლილიყო.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აგრძელებენ თბილისში საკომიტეტო სხდომების ბოიკოტირებას პარლამენტის საქმიანობის ქუთაისიდან თბილისში ნაწილობრივ გადმოტანის მიმართ პროტესტის ნიშნად.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა ასევე ქართული ოცნების ორი დეპუტატი. ერთ-ერთმა მათგანმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველებს შორის იყო დასახელებული, განაცხადა, რომ მან „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა განხილვებში.

კომიტეტის სხდომა ორშაბათს საღამოსთვის გადაიდო, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი მოლოდინის შემდეგ,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატსა და კომიტეტის სხდომაზე მომლოდინე სხვა დამსწრეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, რომ ის მოსმენას ვერ ჩაატარებდა, რადგან კვორუმი კვლავაც არ შედგა.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში, კახა კოჟორიძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა პარლამენტში, გააკრიტიკა დეპუტატები სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და განაცხადა, რომ ეს „პროცესის მიმართ უპატივცემულობაა“.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განხილვა პარლამენტში ხდება 10 წელიწადში ერთხელ“, – განაცხადა კოჟორიძემ, „იურიდიული კომიტეტის წევრები რომ არ არიან დაინტერესებული იმით, რომ კითხვები დაუსვან კანდიდატს, მოისმინონ მისი პოზიციები, მიიღონ ამ განხილვაში მონაწილეობა, ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტია“.

დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძემ, რომელიც ასევე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნომინირებული, იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყების უშედეგო ლოდინის შემდეგ მომხდარი ასევე „უპატივცემულობად“ შეაფასა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას და მისი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, სავარაუდოდ, ასევე მისცემენ მას ხმას.

იმავდროულად, ორშაბათს საღამოს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ დახურული შეხვედრა გამართა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატზე სამსჯელოდ. 

უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატების ზოგადი განწყობა გვენეტაძის მიმართ „საკმაოდ დადებითია, თუმცაღა არსებობს რამდენიმე დეპუტატი, ვინც გარკვეულად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა“. 

„ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ეს იყოს კონსენსუსით მიღებული“, – განაცხადა საგანელიძემ, რომელმაც ასევე არ გამორიცხა „თავისუფალი კენჭისყრის საშუალება“, რაც ხმის მიცემის დროს უმრავლესობის საერთო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც მმართველ კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, 23 თებერვალს ხორვატიაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა კოალიციის პოლიტსაბჭომ გასულ კვირას განიხილა და გვენეტაძის მიმართ, რომელიც ყოფილი რესპუბლიკელია,  „დადებითი დამოკიდებულება“ დააფიქსირა.

„ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ეს არის პოლიტსაბჭოს პოზიცია –  არის პოზიციური, დადებითი დამოკიდებულება ქალბატონი ნინოს მიმართ, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ქალბატონი ნინო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატია“.

ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ ნათლად განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს გვენეტაძის კანდიდატურას მისი რესპუბლიკური პარტიასთან ასოცირების და ასევე იმის გამოც, რომ მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში სასამართლო სისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული.

მსგავსი/Related

Back to top button