ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ‘ნატოსთან თანამშრომლობა არ ისახავს მიზნად საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას’

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 19 თებერვალს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არ ისახავს მიზნად საქართველოში ალიანსის „სამხედრო ინფრასტრუქტურის“ განთავსებას.

მან ეს განცხადება ხუთშაბათს დილით მთავრობის სხდომამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, როდესაც კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც 18 თებერვალს აღნიშნა, რომ რუსეთი ზომებს მიიღებს, რათა აღკვეთოს „თბილისის ნატოში ჩათრევის დაუსრულებელი მცდელობების“ „უარყოფითი ზემოქმედება“.

„საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ამიტომ, მას აქვს სრული უფლება ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატოსთან“, – განაცხადა აბაშიძემ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს პრაღაში თვის ბოლოს შეხვდება.

„ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მან. 

„ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მან.

აბაშიძის ამ განცხადების შემდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა ლავროვის განცხადების საპასუხოდ, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის   უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს“.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატო-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს“, – განაცხადა საგარეო უწყებამ. 

„სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება დაუყოვნებლივ დაგმეს ნაციონალურმა მოძრაობამ და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

„ეს განცხადება არის კიდევ ერთი ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო–ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე“, – განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა.

„ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი ზუსტადაც რომ არის ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებას და ქვეყნის საბოლოო მიზნის – ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მას მხედველობაში ჰქონდა ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის გახსნაც საქართველოში იგეგმება. 

„ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასიამოვნოს რუსეთს და ზურა აბაშიძის მხრიდანაც ეს განცხადება არის სიგნალი და გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ გადადგამს ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს. ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა დაგმო აბაშიძის განცხადება და მას „კატასტროფული“ უწოდა. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსულ თამაშს თამაშობს“.  

ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ნატო–საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტითაა გათვალისწინებული.

„საქართველოში არ იგეგმება ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება“, – განაცხადა ჯანელიძემ, „საქართველოში იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის ამაღლებას, მათი ნატოსთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას; ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები. ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button