Placeholder canvas
ახალი ამბები

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველებს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 14 თებერვალს იმ კანდიდატებს შეხვდა, რომლებიც მას უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის პოსტზე  შესთავაზეს.  

28 პირმა წარადგინა განაცხადი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოუწოდა „პროფესიულ წრეებს“ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ მის ადმინისტრაციისთვის შეეთავაზებინათ კონკრეტული კანდიდატები. 

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

მის პოტენციურ შემცვლელებს შორის, რომელთაგანაც შესაძლოა პრეზიდენტმა ერთი შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად, ორი დეპუტატია, სამი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე არიან პრაქტიკოსი იურისტები, რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მოსამართლე და ყოფილი გენერალური პროკურორი. კანდიდატს სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება პოსტზე დასამტკიცებლად. კანონმდებლობა პრეზიდენტს შერჩევის ამ პროცედურის გავლას არ ავალდებულებდა,  მაგრამ მან ეს საკუთარი ინიციატივით იმ მოტივით გააკეთა, რომ, როგორც თავად აღნიშნა, პროცესი გამჭირვალე ყოფილიყო და საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის შეეწყო ხელი.

14 თებერვალს პოტენციურ კანდიდატებთან შეხვედრისას თავის შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების აქტიურმა ჩართულობამ და დაინტერესებული პირების ფართო სპექტრმა პროცესი „ღია“ გახადა და „მაღალი სტანდარტები“ დააწესა. 

მან ეს პროცესი შეაფასა, როგორც „ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო დემოკრატიული პროცესი საქართველოში“ სასამართლო სისტემასთან მიმართებაში.

„საკითხი, რომელიც არაერთხელ დასმულა ჩვენს წინარე შეხვედრებზე, რამდენად ჩვენ შეგვიძლია განვამტკიცოთ და გავაღრმავოთ ნდობა სასამართლოს მიმართ, ნდობა, რომელმაც სამწუხაროდ ბევრი პრობლემა გამოიარა, ამაზეც პასუხი, ჩემი აზრით, იმ გახსნილ დემოკრატიულ პროცესშია, რომლის თანამონაწილეებიც ხართ თქვენ და რომლის მონაწილეც იყო მთელი ქართული საზოგადოება“, – მიმართა მარგველაშვილმა პოტენციურ კანდიდატებს.

„ის პროცესი, რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემა არის „ლოდი საკიდური სახელმწიფოებრიობის. სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია“.

სანამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატების შეთავაზების შესახებ გააკეთებდა განცხადებას, პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის, ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთან გამართა კონსულტაციები.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ამ კონსულტაციების მიზანი იმ კრიტერიუმების განხილვა იყო, რომლის საფუძველზეც კანდიდატი უნდა შეირჩეს. ამ კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე კრიტერიუმი გამოიკვეთა და ისეთი კანდიდატურების შეთავაზებისკენ მოუწოდა, რომლებიც  პრინციპულობის, მენეჯერული თვისებების, პარტიული გავლენისგან თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

თუმცა, ერთ–ერთი კრიტერიუმი, კერძოდ კი „პარტიული გავლენისგან თავისუფლება“ უთანხმოების მიზეზი გახდა, მათ შორის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებს შორის.

28 კანდიდატს შორის, რომელთაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურთ, ორი დეპუტატია – შალვა შავგულიძე ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატებიდან" და ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან.

ქართული ოცნების სულ ცოტა 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი სასამართლო ხელისუფლების ლიდერად ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას. თუმცა, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატისთვის მისი კანდიდატურა მოულოდნელი აღმოჩნდა. 

შერჩევის პროცესისგან დისტანცირების მიზნით, მთავრობა და მმართველი კოალიცია თავიანთ სასურველ კანდიდატებზე საუბარს საჯაროდ თავს არიდებენ.

პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შაბათს, დაახლოებით, ხუთ საათს გაგრძელდა, კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვები წარედგინათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button