ახალი ამბები

ქართული ოცნების უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმზე

იმ ფონზე, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება ორ მოქმედ დეპუტატს სურს, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსობა არ უნდა გახდეს დაბრკოლება კანდიდატად წარდგენისთვის.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შემცვლელის შესარჩევად ოთხი ძირითად კრიტერიუმზე მოხდა შეთანხმება. ესენია: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.

პრეზიდენტს 28 კანდიდატი წარედგინა შესარჩევად, მათ შორის დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს და ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც სამეცნიერო და ადვოკატთა წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს  – ეს ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ქართული ოცნების სულ ცოტა 16-მა დეპუტატმა, რომლებიც, როგორც ჩანს, სასამართლო ხელისუფლების ლიდერად ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს, 12 თებერვალს მასმედიის საშუალებით გაავრცელა განცხადება, სადაც გააპროტესტა შერჩევის კრიტერიუმებს შორის დასახელებული „პარტიული გავლენისგან თავისუფლება“, როგორც „დისკრიმინაციული“ მიდგომა, რაც არ უნდა გახდეს კანდიდატის შერჩევისას დამაბრკოლებელი ფაქტორი.

„მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეწინააღმდეგება, როგორც კონსტიტუციას, ასევე ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს არც პარტიის წევრს, არც ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ქართული ოცნების დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ელისო ჩაფიძე, დავით ლორთქიფანიძე, მირიან წიკლაური, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ვალერი გელაშვილი, ზვიად ზვიადაური, თენგიზ ხუბულური, თეიმურაზ ჩხაიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშალეიშვილი, დარეჯან ჩხეტიანი და გოგი ქავთარაძე.

„ვერავინ ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ თუნდაც ე.წ. "არაპოლიტიკური" სფეროდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოექცევა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ღიაა ხელმოწერებისთვის. 

დეპუტატების ეს ჯგუფი ასევე აპროტესტებს იმასაც, რომ მათთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმები „არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა“ და ამის შესახებ  „პოსტ-ფაქტუმ“ შეიტყვეს.

ამ პრეტენზიის ადრესატია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც მმართველი კოალიციის მანდატით იღებდა მონაწილეობას პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმდინარე კონსულტაციებში.

საგანელიძემ განაცხადა, რომ არცერთ მის კოლეგას „უკმაყოფილება“ არ გამოუთქვამს კრიტერიუმების მიმართ და „მხოლოდ მას შემდეგ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, როცა ქუცნაშვილმა თავის კანდიდატურა წარადგინა, მერე დაწერა თავისი განცხადება და ხელი მოაწერინა“ მათ. საგანელიძემ ქუცნაშვილს „მეტი გუნდურობისკენ და სიტყვების მოზომვისკენ“ მოუწოდა, იმიტომ რომ, „შეიძლება წაიმტვრიოს ცხვირი“.

ქუცნაშვილმა საგანელიძეს „უპასუხისმგებლო“ პოლიტიკოსი უწოდა, რომელმაც მისი თქმით, უმრავლესობა არ ჩააყენა საქმის კურსში მისი მონაწილეობით გამართული კონსულტაციების შესახებ.  მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი არ არის „მარტო ერთი პარტიის გადასაწყვეტი თემა; ეს გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი თემა“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატების ჯგუფის განცხადების კომენტირებისას განაცხადა: „რა თქმა უნდა, დეპუტატებს უფლება აქვთ ჰქონდეთ განსხვავებული აზრი და თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოქმედი პარლამენტარი, პოლიტიკოსი, პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი შეიძლება იყოს დასახელებული, ეს მათი უფლებაა და ვერ შევზღუდავთ ჩვენს კოლეგებს მათი აზრის გამოხატვაში“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით არჩევას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.  კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წაუდგინოს დეპუტატებს ასარჩევად.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში, კახა კოჟორიძემ სადავო კრიტერიუმთან დაკავშირებით განმარტა: „არც პრეზიდენტს და არც მისი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელს არ უთქვამს არასოდეს, რომ პარტიის წევრობა აპრიორად ჩაითვლება პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებულ პირად“.

„ჩვენი შეფასებით, ის, რომ პირი არის პარტიის წევრი, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის დაექვემდებარება აუცილებლად პოლიტიკურ გავლენებს. ჩვენ მიერ დასახელებული კრიტერიუმი იყო, რომ პირი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი“, – განუცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ჟურნალისტებს 12 თებერვალს.

მსგავსი/Related

Back to top button