ახალი ამბები

უნგრეთის და საქართველოს პრემიერ–მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში

უნგრეთი მხარს უჭერს, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მაისში საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს, განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბუდაპეშტში 10 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უნგრეთს სურს, რომ ევროკავშირმა „საქართველოზე მორგებული პროგრამა“ მოამზადოს, ხოლო უვიზო მიმოსვლა ამ პროგრამის „ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი“ უნდა იყოს.

„ვფიქრობთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა შესთავაზოს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ორბანმა, „ეს სარგებელს მოუტანს როგორც ქართველ ხალხს, ისე ევროკავშირს. ამიტომაც უნგრეთი სრულად უჭერს მხარს უვიზო რეჟიმს საქართველოსთვის“.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევის“ და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  

უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც ენერგო რესურსების სატრანზიტო მარშრუტის, მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველოს მნიშვნელობა ევროპისთვის სერიოზულად გაიზარდა“ ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ.

„ჩვენ ახალ გზებს ვეძებთ [ენერგო მომარაგების და მათი მარშრუტებისთვის] და მიუხედავად იმისა, თუ რა გამოსავალს ვიპოვით, საქართველო ნებისმიერი სახით ჩაერთვება მასში“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა, „ამრიგად, [საქართველოს] სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოვლენების შემდეგ, რომელთაც ბოლო თვეებში ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ძალიან რთულია ენერგოუსაფრთხოების წარმოდგენა მასში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გარეშე. ამრიგად, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ის განსაკუთრებული ქვეყანაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის უსაფრთხოებისთვისაც“.

მან განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე  და დასძინა, რომ უნგრეთი 2015 წელს თბილისში სავაჭრო ოფისის გახსნას გეგმავს.

საქართველოს „საოცარი და დიდი ისტორია აქვს… რომელიც დიდ პატივისცემას საჭიროებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ორბანმა, „საქართველო ასევე ძალიან მამაცი ქვეყანაა“.

„თუ განვლილ 15 წელიწადს გადახედავთ, რომელმა ქვეყანამ დანერგა სხვადასხვა სახის სიახლეები  ეკონომიკასა და პოლიტიკაში, ნახავთ, რომ საქართველოში ყველაზე ნოვატორი ხალხი იყო“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის უნგრელ კოლეგას მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, მათ შორის საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, მან აღნიშნა ლოჯისტიკის უნგრელი ექსპერტის გამოგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ფარგლებში. თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბება თანამშრომლობის იმ არსებითი პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე შესთავაზეს.

ასევე 10 თებერვალს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button