ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 მსურველი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 თებერვალს იმ 28 კანდიდატის სია გამოაქვეყნა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვადასხვა სუბიექტებმა, მათ შორის პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამეცნიერო წრეებმა დაასახელეს.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება და მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც მომავალი თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებზე იანვარში კონსულტაციები გამართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფთან, პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან,  და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, 9 თებერვლამდე ისეთი კანდიდატურების შეთავაზებისკენ მოუწოდა, რომლებიც  პრინციპულობის, მენეჯერული თვისებების, პარტიული გავლენისგან თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

წარდგენილ კანდიდატებს შორის სამი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია: ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი მდივანი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; მერაბ გაბინაშვილი – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე; და ევა გოცირიძე – საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი.

კანდიდატებს შორისაა ასევე მამუკა ახვლედიანი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე; ასევე ხუთი ყოფილი მოსამართლე: ნინო გვენეტაძე – უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი და თამარ ლალიაშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი – ორივეს 2005 წლის დეკემბერში შეუწყვიტა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობა;  მარიამ ცისკაძე – 1999-2009 წლებში უზენაესი სასამართლოს  მოსამართლე;  მადონა ღიბრაძე – 2012 წლიდან მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში უფროსი პროკურორი; და ინგა თოდრია.  

28 კანდიდატს შორის ორი მოქმედი პარლამენტარია: შალვა შავგულიძე, რომელიც ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარადგინეს და ზაქარია ქუცნაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც ამ თანამდებობაზე სამეცნიერო და ადვოკატთა წრეების წარმომადგენლებმა დაასახელეს. ორივე დეპუტატი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი წარადგენს და შემდგომ კოლეგა დეპუტატების მხარდაჭერასაც მოიპოვებენ, პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს იტყვიან. ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ქუცნაშვილის წარდგენა მათთვის მოულოდნელი იყო.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს ასევე ანა დოლიძეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს.

28 კანდიდატს შორის რვა ადვოკატია. ესენი არიან დავით ასათიანი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციამ დაასახელა; ასევე გოჩა გოგიშვილი; მურმან ქამადაძე; ნოდარ მილაძე; მამუკა მდინარაძე; როინ მიგრიაული; კობა კობახიძე და ალექსი კობაიძე.

სამეცნიერო წრეებიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულები არიან ირაკლი ბურდული, რომელიც 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანია; ასევე სამართლის ლექტორები ავთანდილ კახნიაშვილი, გიორგი ჯუღელი და მარინე ჭყონია, ეს უკანასკნელი ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია.

ასევე სამეცნიერო წრეებმა წარადგინეს გია მეფარიშვილი, 1996-1999 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორი იყო 2002 წლის ნოემბრამდე. 

დანარჩენი კანდიდატები არიან: დავით კოღუაშვილი, თეიმურაზ ჯორბენაძე და რომული ჯაფარიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილს  36 კანდიდატი წარედგინა, საიდანაც რვამ თავად განაცხადა უარი კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ამ პირებს შორის არიან ქართული ოცნების დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი; უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ნათია წკეპლაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ კანდიდატი, რომელზეც პრეზიდენტი თავის არჩევანს, ძირითადად, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისიის დახმარებით გააკეთებს, პარლამენტს, სავარაუდოდ, 23 თებერვლამდე წარედგინება.

 

მსგავსი/Related

Back to top button