ახალი ამბები

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტული კანდიდატების შეთავაზებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პროფესიულ წრეებს“ მოუწოდა, რომ 9 თებერვლამდე მის ადმინისტრაციას შესთავაზონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კონკრეტული კანდიდატურები, რომლებიც დააკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზეც კონსენსუსი შედგა პროცესის პირველ ეტაპზე გამართული კონსულტაციების ფარგლებში.

მარგველაშვილმა ოთხი შემდეგი ძირითადი კრიტერიუმი დაასახელა: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.

„ამ ოთხ კრიტერიუმში გაერთიანდა წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენ მოგვინიშნეს პოლიტიკურმა ძალებმა. აქედან გამომდინარე, გვაქვს რა ასეთი საინტერესო პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და უკვე საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს, იმ ხალხს, ვინც არის კომპეტენტური ამ სფეროს მიმართულებით, ვთხოვთ, რომ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ უკვე კონკრეტული მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შემოსულ კანდიდატურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი „კომპეტენტური“ კომისია „გაცხრილავს“ და შედეგებს კვლავ საზოგადოებას წარუდგენს.

„ამ პროცესის შედეგად ჩვენ მივიღებთ ძლიერ კანდიდატურას, რომელსაც თავისი არგუმენტები ექნება პარლამენტში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებზე კონსულტაციები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციური ჯგუფების – ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმოდგენლებთან, ბოლოს კი შეხვდა უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებს ამგვარი წესით კანდიდატის შერჩევას, როგორც მან თქვა, გადაწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის სრულიად ახალი პრეცედენტი შეეთავაზებინა.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ღია, გამჭირვალე და უპრეცედენტო პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია, როდესაც სასამართლო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მართლაც უნდა გახდეს ყველაზე სანდო ინსტიტუტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩემი აზრით განაპირობებს იმ რეფორმების მიმართ ნდობას, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button