ახალი ამბები

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 22 იანვარს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შეხვდა და ასევე ცალკე შეხვედრა გამართა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. 

უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და მისი თანაპარტიელ დეპუტატებთან ზურაბ ჯაფარიძესთან და ლევან ბეჟაშვილთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის შესარჩევი კონსულტაციები, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრით გასულ ხუთშაბათს გაიხსნა, ემსახურება იმას, რომ „იქნებ შევძლოთ პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა, აგრეთვე მოვახერხოთ ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ თემატიკაზე“.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დავით საგანელიძემ, რომელსაც უმრავლესობამ კონსულტაციების წარმართვის მანდატი მისცა, განაცხადა, რომ პრეზიდენტთან „ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი“ შედგა. 

„ამოცანა ყველას გვაქვს ერთი – ბატონ პრეზიდენტსაც, ჩვენ პარლამენტსაც და სურვილი მოსახლეობასაც, რომ უზენაესი სასამართლოს ჰყავდეს ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი და სანდო, წესიერი ადამიანი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პოტენციური კანდიდატების დასახელების გარეშე და დასძინა: „დანარჩენზე ვისაუბრებთ მერე, როცა ეს კანდიდატურა იქნება შერჩეულიც, წარდგენილიც და დარწმუნებული ვარ, ალბათ დამტკიცებულიც“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ აზრი არ ჰქონდა კონსულტაციების პროცესში ჩართვას, ვინაიდან მაინც მმართველი პარტიის მოწონებული კანდიდატი დამტკიცდება; თუმცა დღეს ამგვარი შეხვედრა მაინც შედგა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კანდიდატის შერჩევისას მნიშვნელოვანია ორი მთავარი კრიტერიუმის დაცვა, კერძოდ კი, ის უნდა იყოს „პოლიტიკურად ნეიტრალური“ და „ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე“.  

ვიდრე საპარლამენტო ჯგუფები პრეზიდენტთან შეხვედრებს გამართავდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოუწოდა, რომ „ღირსებით“ და „გონიერებით“ გამკლავებოდნენ კონსულტაციების პროცესს, რომელიც, მისი თქმით, „ვერ იქნება საჯარო“ მანამ, სანამ ის საპარლამენტო განხილვების ფორმატში არ გადაინაცვლებს.

„თუ ვინმე სკანდალს და ზედმეტ აჟიოტაჟს ეძებს ამ თემაზე, ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – განაცხადა მან 22 იანვარს ბიუროს სხდომაზე საუბრისას. 

მსგავსი/Related

Back to top button