ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წელს



საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2010–2014 წლებში, მილიონ აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 21 იანვარს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2014 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 5%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 11.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 12%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 5.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს იმპორტის მოცულობა 7%–ით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით და 8.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 2014 წელს 1.62%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 2.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. 

მართალია 2014 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მან კლება დაიწყო წინა წელთან შედარებით. 

2014 წლის მესამე კვარტალში 6.1%–იანი კლება დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2014 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ექსპორტი კიდევ 20.5%–ით შემცირდა.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 1.96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელზე 23.5%–ით მეტია. იმპორტმა თურქეთიდან 2014 წელს 1.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.6%–ით მეტია წინა წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 30.8%–ით გაიზარდა 2014 წელს და 239.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მართალია აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ იკლო 2014 წელს და 1.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ ის მაინც საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. აზერბაიჯანიდან იმპორტი (ძირითადად ნავთობპროდუქტები და ნახშირწყალბადები) 2.3%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 637.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო ექსპორტი აზერბაიჯანში 23.3%–ით შემცირდა და 544.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა –  კლება, ძირითადად, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. 

რუსეთმა, რომელიც საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო 2013 წელს, შარშან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მასთან სავაჭრო ბრუნვამ 852.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.5%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით და რაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7.4%–ს შეადგენს.

იმპორტი რუსეთიდან შემცირდა 1.7%–ით და 2014 წელს 577.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კლებას უკავშირდება. ხორბლის წილმა რუსეთიდან იმპორტში 30%–მდე შეადგინა.     

საქართველოს ექსპორტმა რუსეთში 274.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 44.1%–იანი ზრდაა და რომლის წილმაც ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2014 წელს 9.6%–ი შეადგინა.  

რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია აზერბაიჯანის და სომხეთის შემდეგ.

ღვინო რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტია. 2014 წელს ღვინის ექსპორტის მოცულობა რუსეთში თითქმის გაორმაგდა და 111.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შარშან ასევე გაორმაგდა მინერალური წყლების ექსპორტი და 66.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2014 წელს 823.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტმა ჩინეთიდან 732.9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 90.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

უკრაინა, რომელიც საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო 2013 წელს, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და მასთან სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 686.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 27.2%–ით შემცირდა და 140.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9.4%–ით შემცირდა და 546.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

უკრაინას მოყვება გერმანია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2014 წელს 534.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; სომხეთი –  498.5 მლნ აშშ დოლარი; აშშ– 494.8 მლნ აშშ დოლარი; ბულგარეთი – 373.8 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 371.4 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2014 წელს 2.99 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით და რაც ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 26%–ს შეადგენს.

საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 621 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22%–ს შეადგენს. იმპორტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 4%–ით გაიზარდა და 2.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2014 წელს.  

დსთ–სთან ვაჭრობა 2014 წელს 5%–ით შემცირდა და 3.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის 31%–ს შეადგენს. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 10%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51%–ს შეადგენს. იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 2%–ით შემცირდა და 2.12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის ექსპორტში 517.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (26.4%–იანი კლება წინა წელთან შედარებით); შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 285.7 მილიონი აშშ დოლარით (24.2%–იანი კლება წინა წელთან შედარებით); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 248 მილიონი აშშ დოლარი (53.4%–იანი ზრდა); თხილი –183.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (10%–იანი ზრდა); ღვინო – 180.7 მილიონი აშშ დოლარი (41.3%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 137.6 მილიონი აშშ დოლარი (5.4–იანი ზრდა); მინერალური წყლები – 137.1 მილიონი აშშ დოლარი (28.4%–იანი ზრდა); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 95.2 მილიონი აშშ დოლარი (4.6%–იანი კლება); სამკურნალო საშუალებები – 92 მილიონი აშშ დოლარი (76.7%–იანი ზრდა); წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ე.წ. „არმატურა“ – 63.7 მილიონი აშშ დოლარი (1.9%–იანი ზრდა).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წელს ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 918.3 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 715 მლნ დოლარი; ნახშირწყალბადები – 368.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 314.6 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 195.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 165.2 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 151.7 მილიონი აშშ დოლარი; სიგარეტი – 115.4 მლნ აშშ დოლარი;  გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 104.1 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 90.6 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: ინგლისური რუსული

Show More

Related Articles

Back to top button