ახალი ამბები

კომპანია RMG-ის საყდრისში წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაუგრძელდა

კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სადავო ტერიტორიაზე, რომელზეც ზოგიერთი არქეოლოგი ფიქრობს, რომ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს,  წიაღით სარგებლობის ლიცენზია მთავრობის გადაწყვეტილებით 5 წლით გაუხანგრძლივდა, განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სამშაბათს.

უწყების ცნობით, ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნით მას რუსი ინვესტორების მფლობელობაში არსებულმა კომპანია RMG-მ 29 დეკემბერს, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე მიმართა. სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანია ლიცენზიის გაგრძელებას იმის გამო ითხოვდა, რომ „მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. „საყდრისი-ყაჩაღიანის" საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები“.

კომპანია „კვარციტმა“, რომლის სამართალმემკვიდრეც არის RMG Gold-ი, ბოლნისში არსებულ სხვა საბადოებთან ერთად საყდრისში წიაღით სარგებლობის ლიცენზია 1994 წლის აპრილში ათი წლის ვადით მიიღო. 2006 წლის მარტში კი საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რამაც მისი სამრეწველო ათვისების შესაძლებლობა დაბლოკა.  

ეს ადგილი 2013 წლიდან მოყოლებული დავის საგანს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო, 2014 წლის მარტში კი კომპანია RMG–ის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. იმავდროულად, 2014 წლის აპრილში მთავრობამ კომპანიას ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელა.

თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც დაუჭირეს მხარი, RMG–ის სამუშაოების დაწყების საშუალება არ ეძლეოდა.

კულტურის სამინისტროს 2014 წლის მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა; საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, დროებითი ზომის სახით სასამართლომ ივნისის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომ სადავო უბანზე არ განხორციელებულიყო არანაირი სამუშაოები.

თუმცა 13 დეკემბერს RMG–მ განაცხადა, რომ საყდრისში მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო და აფეთქებები განახორციელა. კომპანიამ, რომელშიც დაახლოებით 3 ათასი მოქალაქეა დასაქმებული, ძირითადად ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, მას შემდეგ შეძლო სამუშაოების დაწყება, რაც კულტურის სამინისტრომ მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე 12 დეკემბერს ახალი ნებართვა მისცა.

ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ქმედება ასევე დაგმო საქართველოს საპატრიარქომ და „დაუშვებლად“ მიიჩნია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG–ის პოზიციები დაიცვა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანი იყო, რათა კომპანიაში დასაქმებული 3 ათასი ადამიანი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

დეკემბერში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს კომპანიაში დასაქმებულებმა სამუშაოების გაგრძელებით მოთხოვნით; არაერთი აქცია მოაწყვეს ასევე საყდრისის არქეოლოგიური ძეგლის დამცველებმა.

იმავდროულად, პარლამენტმა 25 დეკემბერს 58 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას საყრდისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების გამოსაკვლევად საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. თუმცა კომისიის შემადგენლობა პარლამენტს ჯერ არ დაუკომპლექტებია, რისთვისაც კიდევ ერთი კენჭისყრის ჩატარება და სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

6 იანვარს გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან  გამომდინარე იქიდან, რომ საყდრისს უკვე მოხსნილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო არქეოლოგიური ობიექტი აღებულია, მთავრობას ლიცენზიის გაგრძელების რეკომენდაციით მიმართა, რაც მთავრობამ გაიზიარა.

კომპანია RMG აცხადებს, რომ ის ბოლნისში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას დააფინანსებს, სადაც საყდრისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები განთავსდება.

 

მსგავსი/Related

Back to top button