ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯომარის შესარჩევად კონსულტაციებისკენ მოუწოდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის შემცვლელის „მისაღებ“ კანდიდატურაზე მთავრობასა და პარლამენტთან კონსულტაციები დაიწყოს.

კუბლაშვილს თავისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა  საჭირო.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დაიწყოს კონსულტაციები მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, მისაღები კანდიდატურის შესახებ“, – განუცხადა წულუკიანმა 27 დეკემბერს ჟურნალისტებს დისკუსიის შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომის ფარგლებში პროკურატურის დაგეგმილ რეფორმას მიეძღვნა.

„მე მჯერა, რომ ხელისუფლების არცერთი შტო არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სახელმწიფოს მეთაური – საქართველოს პრეზიდენტი არ გახდიან ამ თემას განხეთქილების ვაშლად იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან დასანანი და საზიანო ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი 26 დეკემბერს ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ კანდიდატის შერჩევისას ის ხელმძღვანელობს კვალიფიკაციის კრიტერიუმით და არა პარტიული ნიშნით.

„მე შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია რომ ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იყო უზენაესი სასამართლოს მიმართ და რომლებიც გადაიდგმება მომავალში – ამ ნაბიჯების შედეგად ლაპარაკი ძველ ხელისუფლებაზე და ახალ ხელისუფლებაზე [მათ გავლენებზე] არ იქნება. ამ ნაბიჯების შედეგად ლაპარაკი იქნება დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და საქმეები წარმოებდეს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლის უზენაესობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტმა „ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე“ ჩააგდო მის მიერ გამჭვირვალე კონკურსის წესითა და პროფესიული ნიშნით შერჩეული ცესკოს წევრობის კანდიდატები. თუმცა იქვე დასძინა, რომ მის მიერვე წარდგენილი სხვა კანდიდატი მოგვიანებით დაამტკიცეს დეპუტატებმა. მან ასევე გაიხსენა უზენაესი სასამართლოს ორი ვაკანტურ ადგილზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების თემა, როდესაც პარლამენტმა ჯერ არ დაამტკიცა ისინი, თუმცა მოგვიანებით იგივე კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.  

„მე ვვარაუდობ, რომ ჩვენს შორის დემოკრატიული დიალოგი, სადაც გააზრებული იქნება ის, რომ მე არც რაიმე პოლიტიკურ თამაშს არ ვთამაშობ, არც რომელიღაცა პოლიტიკურ გუნდს არ ვუპირისპირდები ან მხარს არ ვუჭერს, არამედ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სტრუქტურებში – ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეს არის სასამართლო სისტემა – მოვიდნენ კვალიფიკაციის მიხედვით სპეციალისტები და არა პარტიული ნიშნით, ნელ-ნელა ამის გააზრება გაღრმავდება და გახდება ყოვლისმომცველი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button