skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის წინ საქართველოზე დებატები გაიმართა



ევროპარლამენტი 18 დეკემბერს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას უყრის კენჭს. 

ოთხშაბათს საღამოს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც 18 დეკემბერს იგეგმება,  მხარი დაუჭირა.

კენჭისყრას ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრებიან. კენჭისყრას, სავარაუდოდ, ასევე დაესწრება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ევროპარლამენტის დეპუტატებმა დებატები გამართეს ამ საკითხზე, ასევე საქართველოს შესახებ ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტზე, რომელიც მოამზადა საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან ანდრეს მამიკინსმა. თუმცა, რეზოლუციის თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევიდა ნოემბერში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განხილვის შედეგად; ბევრი ცვლილება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული, რათა ტექსტში მათი შეშფოთება ასახულიყო „შერჩევითი სამართლის“ და ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე.  

თავის შესავალ სიტყვაში ანდრეს მამიკინსმა განაცხადა, რომ „საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა“, სადაც ევროპულ ინტეგრაციას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. მისი თქმით, მასზე „შთაბეჭდილება მოახდინა“ საქართველოს მიერ გატარებულმა რეფორმებმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რასაც ევროკავშირის ზედმიწევნითი კონტროლი ესაჭიროება, მათ შორის კანონის უზენაესობის, სასამართლოს და უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროებში. 
 
ევროკომისარმა მიგრაციის და საშინაო საკითხებში, დიმიტრის ავრამოპოულოსმა, რომელმაც დებატების დროს ევროკომისიის პოზიცია წარმოადგინა, განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია და ევროპარლამენტის ძლიერი მხარდაჭერა „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იქნება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების გასამყარებლად.

„საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ერთ–ერთი ლიდერია“, – განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპოულოსმა და დასძინა, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმება არის შედეგი ევროკავშირის გადაწყვეტილებისა ააშენოს „დემოკრატიული, სტაბილური და აყვავებული ქვეყანა“ რეგიონში, რომელსაც  „მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“ ევროკავშირისთვის. 

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების განხორციელებით, „საქართველო კიდევ უფრო  დაუახლოვდება ევროკავშირს“.

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავის დემოკრატიულ განვითარებაში“ 2012 წლის საპარლამენტო, 2013 საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპოულოსმა, „თუმცა, პოლიტიკურ კლიმატს ქვეყანაში გაუმჯობესება სჭირდება“.

„პოლიტიკური კონფრონტაცია და პოლარიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და უზრუნველყოფილი უნდა იქნას სივრცე ოპოზიციის და პარტიებს შორის დიალოგისთვის. საჭიროა, რომ საქართველომ განაგრძოს სასამართლო სისტემის რეფორმა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა“, – განაცხადა მან.
 
ავრამოპოულოსმა ასევე განაცხადა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დროებით გამოყენებას, რაც 1 სექტემბრიდან დაიწყო, „უკვე მოყვა პირველი შედეგები“ და მან ამის მაგალითად ქართული ექსპორტის, ძირითადად თხილის და სასარგებლო წიაღისეულის,  15%–იანი ზრდა დაასახელა ევროკავშირში 2014 წლის სექტემბერში. 

თავის გამოსვლაში ევროკომისარი ასევე შეეხო „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ მოსკოვის ახალ ხელშეკრულებას სეპარატისტულ აფხაზეთთან, რომელსაც ნოემბერში მოეწერა ხელი, და აღნიშნა, რომ ეს აფერხებს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ორმოცზე მეტმა ევროპარლამენტარმა, რომელთაც დებატებში მიიღეს მონაწილეობა, მხარი დაუჭირეს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ბევრმა მათგანმა ასევე აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებიც შეთანხმებით განსაზღვრული რეფორმების განხორციელების პროცესში არსებობს. 

„ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია საშობაო საჩუქარი არ არის საქართველოსთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტის ლიტველმა დეპუტატმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის ჯგუფიდან, „ეს უზარმაზარი ამოცანაა, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან როგორც კარგ უნარებს, ისე სერიოზულ ტემპს. მაგალითად, 2015 წელს სამართლებრივ ჰარმონიზაციას 72 საკანონმდებლო ინიციატივის მიღება დასჭირდება“. 

დებატების დროს ბევრი გამომსვლელი საკითხს რუსეთის კონტექსტში განიხილავდა, ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგული დარჩა,   მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად.

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა ევროპული კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფიდან, მარეკ იურეკმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმება ბევრად უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინა, კერძოდ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შემდეგ. „ამგვარ პასუხს შესაძლოა აღეკვეთა რუსეთის აგრესია უკრაინაში“, – განაცხადა მან.

როდესაც ევროპარლამენტის დეპუტატმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტიდან“ აიმერიკ შოპრადმა  ასოცირების შეთანხმების წინააღმდეგ ისაუბრა, მას რამდენიმე დეპუტატმა შეუტია და მოსკოვის პოზიციების გახმოვანებაში დასდო ბრალი; რუმინელმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან, კრისტიან დან პრედამ აღნიშნა, რომ ნაციონალურმა ფრონტმა რუსული ბანკისგან მიიღო კრედიტი, ხოლო კიდევ ერთმა რუმინელმა დეპუტატმა სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ ზოგჯერ მას ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ დარბაზში „მოსკოვი საუბრობს“. ევროპარლამენტის წევრმა ბრიტანეთიდან, საიად კარიმმა, რომელიც ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის წევრია, განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიებულ იქნას აშკარა ტენდენცია, რომ „ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტული“ და „პრო–პუტინული“ ჯგუფების დაფინანსება რუსეთიდან ხორციელდება.

„როდესაც თქვენ ამერიკელების შეხედულებას იცავთ, მე არ ვამბობ, რომ თქვენ აგენტი ხართ და ვაშინგტონისთვის მუშაობთ“, – განაცხადა შოპრადმა.

„ისინი, ვინც ამის [ასოცირების შეთანხმების] სასარგებლოდ მისცემენ ხმას, ამ ისტორიის სწორ მხარეს დაგვაყენებენ. ხოლო ვინც წინააღმდეგ გადაწყვეტენ ხმის მიცემას, ვლადიმერ პუტინის გზას ირჩევენ“, – განაცხადა შვედმა დეპუტატმა ევროპული სახალხო პარტიიდან ლარს ადაკტუსონმა.

თავისუფალი და პირდაპირი დემოკრატიის ევროპამ, რომელიც ევროპარლამენტში ევროსკეპტიკოსთა ფრაქციას წარმოადგენს, განაცხადა რომ ის კენჭისყრისას თავს შეიკავებს. ფრაქციის თანათავმჯდომარე ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერი  ნაიჯელ ფარაჯია.

ბევრი დეპუტატი, ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერასთან ერთად, შეშფოთებას გამოხატავდა, როგორც მათ აღნიშნეს, „შერჩევითი სამართლის“ და საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების „პოლიტიკურად მოტივირებული“ დევნის გამო. ევროპის სახალხო პარტიის წევრები, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტნიორია, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, შვედმა დეპუტატმა გუნარ ჰოკმარკმა ევროპის სახალხო პარტიიდან განაცხადა, რომ მიუღებელია ის „შერჩევითი სამართალი, რომელსაც, როგორც ჩვენ ვხედავთ, საქართველოს მთავრობა იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ“.

ლიტველმა დეპუტატმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ საქართველოში „ჯერ კიდევ აქვს ადგილი შემაშფოთებელ განვითარებებს“.  „ადამიანებს, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ გზას, პოლიტიკური მოტივებით დევნიან და საქართველო სულ უფრო ავლენს შერჩევითი სამართლის ნიშნებს; საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა შენიშნოს, რომ ამას ძალიან სერიოზულად იღებენ მხედველობაში აქ, პარლამენტში“, – დასძინა მან. 

თავის დასკვნით სიტყვაში ევროკომისარმა ავრამოპოულოსმა აღნიშნა, რომ განხილვებმა ცხადყო, რომ „ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა გაგრძელდეს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირთან მისი დაახლოების გზაზე“.

„ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს პოლიტიკურ ერთგულებას, განაგრძოს საჭირო რეფორმები, კერძოდ მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის და დისკრიმინაციის გარეშე ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში.  სამართალწარმოება უნდა იყოს გამჭირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და მკაცრად უნდა იყოს დაცული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – განაცხადა მან.

რეზოლუციის პროექტი

გარდა ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისა, ევროპარლამენტის წევრები 18 დეკემბერს ასევე უყრიან კენჭს საქართველოს შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის მქონე რეზოლუციის პროექტს.

მიესალმება რა საქართველოს ხელისუფლების „ბოლოდროინდელ რეფორმებს“, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების „გაძლიერებისკენ“ არის მიმართული, რეზოლუციის პროექტი გამოხატავს შეშფოთებას „პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო“ და იმ ყოფილი მაღალჩინოსნების და ამჟამინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, რომელთაც ამჟამად ბრალი აქვთ წარდგენილი ან დაპატიმრებულნი არიან. პროექტი ასევე "შეშფოთებას“  გამოხატავს „პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის პოტენციური გამოყენების გამო“, რამაც შესაძლოა შეარყიოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაძლიერებას, რომლებიც დემოკრატიის (კერძოდ, სასამართლო ინსტიტუტების), კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზე და ასევე ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებაზე არიან პასუხისმგებელნი; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელისუფლების სამივე შტო იყოს განცალკევებული; მოუწოდებს ხელისუფლების გადანაწილების სისტემის ეფექტური გამოყენებისკენ, კონტროლის მექანიზმებთან ერთად“.

ის ასევე „აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებას და საჭიროებას, რომ შესაბამისად და სრულად იქნას გამოძიებული ყველა ბრალდება ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე; იმეორებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში პრიორიტეტად რჩება როგორც თბილისისთვის, ისე ევროკავშირისთვის; აღიარებს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს და საპროცესო უფლებების გარანტიას.“

რეზოლუციის პროექტი „წუხილს გამოთქვამს“, როგორც მასში ნათქვამია, „ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივი გამოვლინებების გამო, რომელთაც ქვეყანაში ჰქონდა ადგილი“, ასევე იმის გამოც, რომ „პროკურატურამ და სასამართლო სისტემამ ვერ მოახერხა დამნაშავეთა ეფექტურად გასამართლება“. 
 
პროექტი აღნიშნავს პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას იმ ძირითადი რეფორმების და ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, „შეთანხმებული ევროპული არჩევანის სულისკვეთებით“ და მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს „თავიდან აიცილონ წინა მთავრობების დამახასიათებელი მიდგომა ‘მოგებულს ყველაფერი მიაქვს’, რათა ქართული საზოგადოების დიდი ხნის პოლარიზაცია გადალახონ“.

პროექტი „აღიარებს, რომ ბრალდებები ე.წ. შერჩევითი სამართლის საქმეებთან დაკავშირებით უარყოფით გავლენას ახდენს“ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავიდან აიცილოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად გამოყენება“.

რეზოლუციის პროექტი აღნიშნავს, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივა გააჩნია და შესაძლოა მიმართოს კავშირს წევრობისთვის იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“. პროექტში ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმების გაფორმება „თავისთავად დასასრული არ არის, არამედ უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომელიც სამართლებრივად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სოციალურად  ქვეყანას ევროპულ სივრცეში შეიყვანს“.

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას, როგორც ევროკავშირი–საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობების უახლოეს ნიშანს და ხალხისთვის პირდაპირ სარგებელს“.

რეზოლუციის პროექტი ასევე მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ეხება საქართველოს ურთიერთობებს რუსეთთან და მის სეპარატისტულ რეგიონებთან.

ის მოუწოდებს მოსკოვს, რომ „გააუქმოს“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და „დაასრულოს ოკუპაცია“ ამ რეგიონებში. ის შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების გამო, რომელსაც ნოემბერში მოეწერა ხელი.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“ და მოუწოდებს მოსკოვს, რომ „კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების გამოძებნაში და კერძოდ, ჟენევის დისკუსიებში“. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს… ჟენევის მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის ნაკლებობის გამო, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს და მოაგვაროს კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ყველა წუხილი“ და „ამ პროცესში ევროკავშირის უფრო ეფექტური როლის შესრულებისკენ“ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button