ახალი ამბები

„ეს შენ გეხება“ მოსმენების შესახებ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტს ‘უკან გადადგმულ ნაბიჯად’ აფასებს

უკონტროლო ფარული მიყურადების წინააღმდეგ წამოწყებული სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ავტორობით მომზადდა და მოსმენების ე.წ. „გასაღების“ შსს-ისთვის დატოვებას გულისხმობს, „უკან გადადგმულ ნაბიჯად“ და იმ ცვლილებების გაუარესების მცდელობად აფასებს, რომელიც პარლამენტმა აგვისტოში მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებზე დაყრდნობით აგვისტოში მიღებული ნორმებით  ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გაუმჯობესებული რეგულაციები დაკანონდა, მათ შორის მოსმენების განსახორციელებლად სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად სამართალდამცავ ორგანოებს დასაბუთების მაღალი სტანდარტები დაუდგინდათ და პროცესზე მონიტორინგის კუთხით გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები.

ამჟამად, დასარეგულირებელი რჩება მთავარი საკითხი, თუ რომელ ორგანოს ექნება პირდაპირი წვდომა ფარულ მოსმენებზე – პარლამენტს აქვს კანონით აღებული ვალდებულება, რომ ეს გადაწყვეტილება 1 დეკემბრამდე ანუ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში მიიღოს.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ორი განსხვავებული პროექტია ინიცირებული: ერთი ეკუთვნის რესპუბლიკელ დეპუტატს ვახტანგ ხმალაძეს და ითვალისწინებს  მოსმენებზე პირდაპირი წვდომის –  ე.წ. გასაღების, რომელიც ამჟამად შსს-ს ხელშია, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის გადაცემას – ამ ვარიანტს პროცესში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფიც ემხრობა.

მეორე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ინიციატივაა და მას პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმეტესობა უჭერს მხარს, შსს-ს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის ბერკეტს უტოვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართულობით. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციებზე ფარული მოსმენების განხორციელების დაწყებას საგამოძიებო ორგანო მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან შესაბამის ელექტრონულ თანხმობას მიიღებს.

24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ეს შენ გეხება“ აღნიშნავს, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის შემოთავაზებული სისტემა „გამორიცხავს გარე კონტროლის შესაძლებლობას“, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მაშინ, როცა მას „მთელი პროცესის მონიტორინგი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა ევალება, მიყურადების განმახორციელებელი ორგანო ხდება.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფი მიუთითებს იმაზეც, რომ პროექტში არაფერია ნათქვამი, თუ რა როლი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაუდებელი აუცილებლობის დროს, როცა მოსმენები სასამართლოს ნებართვის გარეშე იწყება და მხოლოდ მოგვიანებით წყვეტს სასამართლო გაგრძელდეს თუ შეჩერდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

„ეს კი ნიშნავს იმას, რომ შსს-მ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიყურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშე“, – აცხადებს „ეს შენ გეხება“.

„ე.წ. ორი  გასაღები მოქმედებს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დროს, ხოლო  მთელი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა)  ასევე ინტერნეტტრაფიკი (კომუნიკაციის შინაარსის ჩათვლით) შსს-ს  მიაქვს ყოველგვარი კონტროლისა და ორი გასაღების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში კანონპროექტის შესახებ. 

სხვა ცვლილებები

„ეს შენ გეხება“ ასევე მიუთითებს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ინიციატივის სხვა „გამაუარესებელ“ ცვლილებებზეც და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, სამართალდამცავი უწყებები ამ შესაძლებლობას იყენებენ, რომ ა. წ. აგვისტოში მიღებულ კანონში მათთვის მისაღები დებულებები შეიტანონ“.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება უკავშირდება ფარული მოქმედებების შედეგად მოპოვებული იმ მასალების დაუყოვნებლივ განადგურებას, რომელიც არ ეხება გამოძიებას. აგვისტოში მიღებული დებულებით, განადგურებას ექვემდებარება „პირადი მონაცემები“, ხოლო ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემოთავაზებულია, რომ განადგურდეს მხოლოდ თვალთვალის ქვეშ მყოფი პირის „მაკომპრომეტირებელი ცნობები“. „გაურკვეველია, რა მიზნებით შეინახავს საგამოძიებო ორგანო სხვა პირად მონაცემებს, რომელიც გამოძიებას არ ეხება“, – აცხადებს „ეს შენ გეხება“.

ამასთან ერთად, თუ აგვისტოში მიღებული ნორმით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი ორგანო ანუ შსს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი არის ვალდებული მაქსიმალურად შეზღუდოს იმ ინფორმაციის ჩაწერა, რომელიც გამოძიებასთან არ არის კავშირში, შემოთავაზებული ცვლილებებით, ეს ვალდებულება უშუალოდ საგამოძიებო ორგანოზე გადადის. ეს ცვლილება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით,  შსს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტს უფლებას აძლევს ჩაიწეროს გამოძიებასთან კავშირის არ მქონე ყველა კომუნიკაცია, რის შემდეგაც უკვე გამომძიებელს შეეძლება ამ მასალების გაფილტვრა, რათა გადაწყვიტოს რა ინფორმაცია შეინახოს და რა ნაწილი წაშალოს.

„ეს შენ გეხება“ ასევე აპროტესტებს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის ამოღებაზე აღარ გავრცელდება აგვისტოში მიღებული სტანდარტები, რაც საგამოძიებო ორგანოს მისცემს უფლებას „პირთა წრის, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების  გარეშე“ მოიპოვოს ინფორმაცია კომპიუტერული სისტემებიდან.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აკრიტიკებენ ასევე იმ მოსალოდნელ ცვლილებებსაც, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა საიდუმლო გრიფი დაედოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შიშობენ, რომ საიდუმლოების მოტივით, შესაძლოა ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია დაიმალოს ან არასრულყოფილი სახით გამოქვეყნდეს. აგვისტოში მიღებული კანონმდებლობა, უზენაესი სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას შეადგინოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი და წლის ბოლოს გამოაქვეყნოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.

მსგავსი/Related

Back to top button