ქართული ოცნება პარლამენტში უმრავლესობას ინარჩუნებს
„თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის ათი დეპუტატიდან შვიდმა დატოვა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა სამი მათგანი დარჩა კოალიციაში, რის შედეგადაც ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა უმრავლესობა 150–წევრიან პარლამენტში 76 დეპუტატით.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომელიც ქართული ოცნების ერთ–ერთი დამფუძნებელი წევრი იყო, კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან იქნა გადაყენებული.
„თავისუფალი დემოკრატების“ ის სამი დეპუტატი, რომლებმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, არიან: გედევან ფოფხაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბორჯომის მაჟორიტარი; თამაზ ჯაფარიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ონიდან და გელა სამხარაული, თელავის მაჟორიტარი.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების და ქართულ ოცნებაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს საღამოს გამოაცხადა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ ქართულ ოცნებას პარლამენტში უმრავლესობა შეუნარჩუნა, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის ერთობაა საჭირო.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ოთხ წევრს პარლამენტში მაღალი თანამდებობები უკავიათ და ამ პოსტების შენარჩუნებას ისინი უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგაც გეგმავენ. დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე–სპიკერია; დეპუტატი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა; დეპუტატი დავით ონოფრიშვილი საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 7 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა.
ალასანიამ უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს მინისტრის ფუნქციების და მოვალეობების ახალი მინისტრისთვის, მინდია ჯანელიძისთვის გადაბარების თაობაზე და ასევე განიხილა ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.
„ვისაუბრეთ, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქციის გამოყოფაზე უმრავლესობიდან და ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მთავარია ამ პროცესში და მომავალში საპარლამენტო ცხოვრებაში ეს პროცესები წარიმართოს ისე, რომ სახელმწიფო პირიქით გამყარდეს და არ დაზიანდეს. ანუ, სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველა პოლიტიკური ძალისთვის, უმრავლესობისთვის და ჩვენთვისაც იქნება ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ალასანიამ.
8 ნოემბერს პარტია "თავისუფალი დემოკრატები" გეგმავს ყრილობას, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე დაანონსდა, სანამ ქართულ ოცნებაში კრიზისი დაიწყებოდა. მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე ალასანიას პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩევენ. ეს პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც 2012 წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში იმ ექვსი პარტიის დეპუტატები შედიოდნენ, რომლებიც კოალიცია ქართულ ოცნებაში იყვნენ გაერთიანებული. თავისუფალი დემოკრატების გასვლის შემდეგ, უმრავლესობაში ხუთი ფრაქცია რჩება, და ასევე ის სამი დეპუტატი, რომელთაც „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვება და ქართულ ოცნებაში დარჩენა გადაწყვიტეს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, პარტია, რომელიც ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, უმსხვილესია უმრავლესობაში 46 დეპუტატით; ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ 9 დეპუტატისგან შედგება; ქართულ ოცნება–კონსერვატორებს, ქართულ ოცნება–ეროვნულ ფორუმს და ქართულ ოცნება–მრეწველებს თითოეულს 6 წევრი ყავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ფრაქციას შეუერთდება ის სამი დეპუტატი, რომელთაც თავისუფალი დემოკრატები დატოვეს.
ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმცირესობას ქმნის 51 დეპუტატით.
ექვსი დეპუტატია გაერთიანებული დამოუკიდებელი მაჟორიტარებისგან შემდგარ ფრაქციაში, რომელიც არც უმრავლესობის, არც უმცირესობის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა ეს ფრაქცია უმეტესწილად, თუმცა ყოველთვის არა, სახელისუფლებო წინადადებების მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი.
დარჩენილი 10 დეპუტატი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ზოგიერთმა მათგანმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა, ზოგიერთმა კი ქართული ოცნება და ამჟამად არც ერთი ფრაქციაში ან ჯგუფში არ არიან გაერთიანებული; ერთ–ერთი მათგანი, კობა დავითაშვილი, მხოლოდ პირობითად არის პარლამენტის წევრი და ფაქტიურად ის საერთოდ არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
6 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიიდანაა, განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატების წასვლამ შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეუქმნას მმართველ კოალიციას, თუმცა იქვე აღნიშნა პარლამენტში „არაფორმალური უმრავლესობის“ არსებობა – ის გულისხმობდა ქართული ოცნების უმრავლესობას დამატებული ის დეპუტატები, რომლებიც მართალია არ შედიან არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, მაგრამ ხშირად კოალიციის გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს.
„კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ არც იმდენად კატასროფული, რომ ჩავთვალოთ, რომ უმრავლესობა იქნება პარალიზებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამ ბოლოდროინდელი მოვლენების გარეშეც მოქმედი პარლამენტი „გამორჩეულია“ წინა პარლამენტისგან თავისი მრავალფეროვნებით, რაც, მისი თქმით, დიდ ძალისხმევას ითხოვს სხვადასხვა ფრაქციებთან შეთანხმების მისაღწევად. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატების წასვლა ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.
ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს ასევე მისმა ახლო მოკავშირეებმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. პრემიერ–მინისტრმა უკვე დანიშნა ახალი თავდაცვის მინისტრი, თუმცა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი ჯერ არ დაუსახელებია.
ამ სამ ცვლილებას მთავრობაში პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა 7 გამოიცვლება; მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს. ასევე სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე დეკემბერში დადგება.
This post is also available in: English (ინგლისური)