ახალი ამბები

ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრები გაეროში

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 26 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვა, მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიუ–იორკში, მათ შორის ირანის და თურქეთის ლიდერებთან.

25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის შეხვდა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუჰანიმ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა, კერძოდ, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ენერგეტიკის, გაზის, წყლის და ტრანსპორტის სფეროებში.

პრეზიდენტმა რუჰანიმ, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, განუცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ „სპარსეთის ყურის და შავის ზღვის დამაკავშირებელი პროექტის განხორციელება ორი ქვეყნის ერთ–ერთ საერთო ინტერესს წარმოადგენს“. ირანის პრეზიდენტმა გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და „უფრო ფართო რეგიონალური თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა, რაც „რეგიონის ქვეყნების მდგრადი განვითარების და სტაბილურობის მიზნების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის; კანადის პრემიერ-მინისტრს სტივენ ჰარპერს; ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერჟინსს; ქუვეითის პრემიერ–მინისტრს ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამად ალ საბაჰს და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც საუდ ალ ფაიზალს.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მან მადლობა გადაუხადა  საუდ ალ ფაიზალს საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველ წელს წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის შემდეგ. საუდის არაბეთმა, რომელიც ჩვეულებრივ თავს იკავებდა ხოლმე კენჭისყრის დროს, ივნისში მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები იქნა განხილული და მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ „დაჩქარდება ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშკრულების ხელმოწერა“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უთხრა ქართველ ჟურნალისტებს ნიუ–იორკში 25 სექტემბერს, რომ მას შესაძლებლობა მიეცა ხანმოკლე საუბარი ჰქონოდა აშშ–ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა მიღებაზე.

ნიუ–იორკში ღარიბაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა კომპანია AECOM–ის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობას გეგმავს. AECOM–ის მონაწილეობის შემთხვევაში, ის ინტერესთა გამოხატვის პროცესში ორ სხვა კომპანიასთან ერთად კონსორციუმის ფორმით ჩაერთვება; ეს ორი კომპანიაა ამერიულ SSA Marine, რომელიც მსოფლიოში საპორტო ტერმინალების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი კომპანიაა, და თურქული სამშენებლო კომპანია IC Holding.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრს გაეროს შტაბბინაში ახლავს, მთელი რიგი შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან დაახლოებით 20 ქვეყნიდან.

მან ასევე მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა; ამას გარდა, ფანჯიკიძემ ცალკე შეხვედრა გამართა აშშ–ის  სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდთან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან უკრაინიდან; არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან; ბჰუტანიდან; ურუგვაიდან; მოზამბიკიდან; ეთიოპიიდან; იამაიკიდან; ნიგერიიდან; ჰაიტიდან; თურქმენეთიდან; სენტ ლუჩიადან; სენტ ვინსენტი და გრენადინებიდან; ანდორადან; მონტენეგროდან; კვიპროსიდან; აღმოსავლეთ ტიმორიდან; ერიტრეადან; სერბეთიდან; ტრინიდადი და ტობაგოდან; კოტ დ’ივუარიდან;  გვინეა–ბისაუდან.

იგი ასევე შეხვდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფედერიკა მოგერინის, რომელიც ევროკავშირის მომავალი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს შტაბბინაში ხელი მოაწერა შეთანხმებას ბენინთან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button