ღარიბაშვილი: საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციაში სიმბოლურად იქნება წარმოდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისმა აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლების მოსამზადებელი ცენტრის მასპინძლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ლიდერობით შექმნილ ამ კოალიციაში „სიმბოლურად“ იქნება წარმოდგენილი.
„მე უარვყოფ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.
„არ იგეგმება არავითარი ტრეინინგ-ცენტრის შექმნა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის მცდარი ინფორმაცია და მე მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგელობით მოეკიდოთ აღნიშნული ინფორმაციის დისტრიბუციას“, – განაცხადა მან.
„საქართველოს მონაწილეობა ამ კოალიციაში იქნება სიმბოლურად წარმოდგენილი. ძირითადად, ჩვენ შევთანხმდით იმაზე უსაფრთხოების საბჭოზე, რომ საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს და ჰუმანიტარული დახმარების კონტრიბუციას შეიტანს ამ კოალიციაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ეს იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული, არავითარი სამხედრო – არცერთი სამხედრო არ იქნება წარმოდგენილი და ეს არ იქნება არავითარი სხვა სახის სამხედრო დახმარება“.
Foreign Policy იტყობინებოდა 23 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს საწვრთნელი ბაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან.
ამის შემდეგ ეს ინფორმაცია „როიტერმაც“ გადმოსცა. „აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ ტრეინინგ ცენტრის მასპინძლობა შესთავაზა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულებისთვის, მაგრამ გაურკვეველია რამდენად დათანხმდება ვაშინგტონი თბილისის ამ შეთავაზებას“, – წერდა „როიტერი“ 24 სექტემბერს.
Foreign Policy-ის მიერ სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში; თუმცა სამინისტროს განცხადებამ არ უარყო Foreign Policy–ის ინფორმაცია.
ამის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია 23 სექტემბერს.
იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე უარყო ეს ინფორმაცია. ოთხი დღით ადრე, 19 სექტემბერს მინისტრმა ფანჯიკიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართა და გაიმეორა საქართველოს მზადყოფნა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში წვლილის შესატანად, თუმცა თავის გამოსვლაში „ჰუმანიტარულ დახმარებასთან“ ერთად, მან ასევე ახსენა საბრძოლო მისიებიდან მიღებული საქართველოს „ღირებული გამოცდილების“ გაზიარების შესაძლებლობა.
„მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვინც იზარალეს ტერორისტული ჯგუფების სასტიკი ქმედებების გამო. ამას გარდა, საქართველოს ღირებული გამოცდილება საბრძოლო მისიებიდან, ასევე წარმატებული ტრანსფორმაცია თავდაცვის სფეროში შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ერაყის და სხვა უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად იმ დროს, როდესაც ისინი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძვიან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კოალიციის სხვა პარტნიორებთან მუშაობას მომდევნო დღეებში და კვირებში, რათა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომელთაც საქართველოს წვლილი დამატებით ღირებულებას შესძენს“, – განაცხადა მან.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ინიციატივით შექმნილ კოალიციაში საქართველოს შესაძლო წვლილი იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, როდესაც თბილისს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი სტუმრობდა.
მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი წვრთნების სახით შეიტანოს, თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)