ახალი ამბები

ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მიესალმება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად დამყარდება და მიესალმება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას უკრაინის მოვლენებთან მიმართებაში, რაც მისი თქმით, „ხელს არ აძლევს“ ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც „სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო“.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის გაგრძელდეს, რაც ხდება უკრაინაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დროში დალაგდება და დარეგულირდება ყველაფერი. რა თქმა, უნდა საშინელებაა, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ყველანი და მე პირადად მხარს ვუჭერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, უკრაინას. ვისურვებდი, სწრაფად დამყარდეს იქ მშვიდობა და უკრაინა ჩვენთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების სამივე შტომ – პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტმა „აბსოლუტურად ნორმალურად შეაფასეს“.

„თუმცა საუბედუროდ, ნაციონალურ მოძრაობას ეს არ აძლევს ხელს“, – განაცხადა მან, „ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა დღეს საქართველო“.

„ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა ამ ომში ჩართული საქართველოც გვეხილა“, – დასძენს ივანიშვილი ოპოზიციური პარტიის მისამართით, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ უფრო მკვეთრი არ არის უკრაინის საკითხისადმი.

ივანიშვილის თქმით, საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით იმას აკეთებს, რაც შეუძლია, განსხვავებით „ერთი კაცისგან“ – მას მხედველობაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა, რომელიც „რაც არ შეგვეძლო, იმას აკეთებდა“.

„შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს დაბალანსებული პოზიცია აქვს "ყველა" მეზობელთან, მათ შორის  „დაჩაგრულ უკრაინასთან“.

„ამ დროს ვერც ევროპიდან და ვერც ამერიკიდან  ვერ ნახავთ ვერცერთ საყვედურს. პირიქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი [ჩაკ ჰეიგელი] იყო ჩამოსული და მან მოგვიწონა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა. ასე იწონებენ სხვებიც და ჩვენი პოზიცია მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საგაზეთო ინტერვიუში.

მსგავსი/Related

Back to top button