ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 25 აგვისტოს მისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს საზოგადოებრივ განწყობებს პოლიტიკური და მიმდინარე საკითხების მიმართ. 

გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში აწარმოა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 338 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით; კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.9%-ს შეადგენს.

გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ოთხი პროცენტული პუნქტით აღემატება აპრილში ჩატარებულ მსგავს კვლევაში ასახულ მონაცემს, თუმცა ჩამოუვარდება 2013 წლის ნოემბერში არსებულ 53%-იან მაჩვენებელს.

რესპოდენტთა 38%-ის აზრით, საქართველო „საერთოდ არ იცვლება“, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – აპრილში ეს მონაცემი 19%-ს შეადგენდა.

50%-ს სჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პერსონად რჩება – ეს მაჩვენებელი აპრილში არსებული 62%-იდან შემცირებულია;  17% თვლის, რომ ის აღარ ერევა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო 28%-მა არ იცის ამის შესახებ.

იმ რესპოდენტთა 36%, ვისი აზრითაც ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღებად რჩება, ამართლებს ამას,  53% კი არ ამართლებს.

გამოკითხულთა 55% ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა; 20% ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია; 24%-მა თქვა, რომ არ იცის ამის შესახებ.

73% ფიქრობს, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს საარჩევნო კამპანიაში მაშინ, როცა 16%-ს ეს მისაღებად მიაჩნია.

ეს შეკითხვა დაისვა მეუფე იაკობის სადავო ქადაგების კონტექსტში, როცა მან ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ მოუწოდა ხმა არ მიეცათ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისთვის.

63%-მა გაუმართლებლად მიიჩნია ეს მოწოდება მეუფისგან, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამი მოადგილეთაგან ერთ-ერთია; 13%-ისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა.

„ყველაზე მნიშვნელოვან“ ეროვნულ საკითხებად რესპოდენტებისთვის კვლავ სამუშაო ადგილები, სიღარიბე და  ტერიტორიული მთლიანობა რჩება.

საგარეო ურთიერთობები

გამოკითხულთა 69% ამართლებს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას და 8% არ ამართლებს; 22%-მა არ იცის, თუ როგორ შეაფასოს ეს მოვლენა.

რესპოდენტთა 58%-ს, რომელიც ამ ხელშეკრულების გაფორმების მხარდამჭერია, აქვს რწმენა, რომ ეს გააუმჯობესებს ეკონომიკას; 35% ფიქრობს, რომ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, 33% მიუთითებს, რომ საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, 17%-ის აზრით, გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას; 13%-ს სჯერა, რომ შექმნის მეტ სამუშაო ადგილებს და 10% იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

20%-მდეა გაზრდილი იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელიც რუსეთის მიერ დაფუძნებულ  ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობა – ეს მონაცემი 2013 წლის ნოემბერში 11%-ს და 2014 წლის აპრილში 16%-ს შეადგენდა.

59% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეთანხმება  – აპრილში ამგვარად 65% ფიქრობდა.

აპრილის მსგავსად, აგვისტოშიც რესპოდენტთა 19%-ს ფიქრობს, რომ საქართველო „მეტ სარგებელ მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“; 54% -ის აზრით კი ქვეყანა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტად იხეირებს – აპრილში ეს პოზიცია 59%-ს ჰქონდა.

აპრილის კვლევასთან მიმართებაში უცვლელი დარჩა საქართველოს მთავრობის იმ გაცხადებული მიზნების მხარდაჭერა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – 78% და გაწევრიანდეს ნატოში  – 72%.

იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, აპრილში არსებული 50%-დან აგვისტოში 42%-მდეა შემცირებული. 36% ფიქრობს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია.

რესპოდენტთა 15% რუსეთს საფრთხედ საერთოდ არ აღიქვამს, რაც სტატისტიკურად უცვლელი მაჩვენებელია აპრილის კვლევასთან მიმართებაში.

მსგავსი/Related

Back to top button