სეპარატისტულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კვირას იმართება
სეპარატისტულ აფხაზეთში 24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, დაახლოებით სამი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგად ალექსანდრე ანქვაბი გადადგა.
ეს მეორე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია სეპარატისტულ რეგიონში ბოლო სამი წლის განმავლობაში და მეოთხე უკანასკნელ ათწლეულში.
56 წლის დეპუტატი და აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელიც მაისში ანქვაბის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტოს გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ოთხ-კანდიდატიან მარათონში რეალური შანსების მქონე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.
რაულ ხაჯიმბა, რომელმაც კგბ-ს აკადემია მინსკში 1980-იანი წლებში დაამთავრა, 2005-2009 წლებში სეპარატისტული რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს, რომელშიც კრემლი ხაჯიმბას ღიად უჭერდა მხარს. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს, ხაჯიმბა ხმათა 15.4%-ით მეორე ადგილზე გავიდა. 2011 წლის არჩევნებში, რომლითაც ალექსანდრე ანქვაბი პრეზდენტი გახდა, ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით.
მისი მონაწილეობა წინა სამ საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლად დასრულდა, რადგან ორჯერ წააგო აწ გარდაცვლილ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან – 2005 წლის სადავო არჩევნების შემდეგ მათ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 2011 წელს ანქვაბთან დამარცხდა.
აფხაზი დამკვირვებლები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამჯერად ხაჯიმბა ლიდერი კანდიდატია. მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაა“-ს ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია იბრძვის, რომელიც ასევე აქტიურობდა ანქვაბის წინააღმდეგ ორგანიზებულ გამოსვლებში.
ხაჯიმბას მთავარი მოწინააღმდეგე 51 წლის ასლან ბჟანიაა, რომელიც ოთხს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში რეგიონის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა 2014 წლის ივლისამდე.
ასლან ბჟანია 1994 წლიდან 16 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, მათ შორის ტურიზმის სექტორში. ის სეპარატისტული აფხაზეთის „საელჩოში“ მოსკოვში „მრჩევლად“ მუშაობდა 2009 წელს, ვიდრე მას 2010 წლის თებერვალში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნავდა მაშინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში; მან ეს პოსტი ანქვაბის პრეზიდენტობის დროსაც შეინარჩუნა.
„შენ ჩემი მთავარი მოწინააღმდეგე ხარ“, – განუცხადა ხაჯიმბამ ბჟანიას 18 აგვისტოს კანდიდატებს შორის გამართული სატელევიზიო დებატების დროს.
ბჟანიას ზურგს უმაგრებს „ამცახარა“, ანქვაბის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტია და მის საარჩევნო შტაბს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ანქვაბის ახლო მოკავშირე ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობს.
დანარჩენი ორი კანდიდატია 53 წლის მერაბ ქიშმარია, რომელიც თავდაცვის მინისტრად მსახურობდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში და ლეონიდ ძაფშბა, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2011 წლის ოქტომბერში ამ პოსტის დატოვებამდე. ძაფშბა იმ ოპოზიციურ მოძრაობაში იყო, რომელმაც ანქვაბის გადადგომას მიღწია.
მერაბ ქიშმარია 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზური ძალების აღმოსავლეთ ფრონტის სარდალი იყო; ის სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრად 2007 წლის ივნისიდან შვიდი წლის განმავლობაში მსახურობდა.
თუკი საქმე არჩევნების მეორე ტურამდე მივა ბჟანიასა და ხაჯიმბას შორის, ამ უკანასკნელს შეუძლია დანარჩენი ორი კანდიდატის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არიდებდნენ რა ერთმანეთზე თავდასხმას, სამი კანდიდატი – ხაჯიმბა, ქიშმარია და ძაფშბა ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ ბჟანიას.
ეს დაპირისპირება ბჟანიასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის წარმოჩინდა ასევე აფხაზეთში გამართულ პირველ სატელევიზიო დებატებში, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 18 აგვისტოს შედგა.
ლეონიდ ძაფშბა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სანამ 2011 წლის ოქტომბერში, ალექსანდრე ანქვაბის გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში ამ თანამდებობას დატოვებდა. ხაჯიმბას მსგავსად, ძაფშბაც იმ ოპოზიციური მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც ანქვაბის გადადგომას მიაღწია.
დებატების დროს ხაჯიმბამ ბჟანია ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და ასევე მას ბრალი დასდო იმაში, რომ ვერ გაუმკლავდა რუსეთის ფინანსური დახმარების არამიზნობრივ ხარჯვას, როცა ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„თუკი რაიმე დარღვევა იყო, ამაზე რეაგირება პროკურატურამ უნდა გააკეთოს. მე ასევე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო ჭორებზე, მაგრამ არ მინდა ამაზე დრო დავკარგო“, – უპასუხა ბჟანიამ, რომლისთვისაც ეს კამპანია პირველია მას შემდეგ, რაც საჯარო პოლიტიკაში ჩაერთო.
„ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჭორებია?… რას ლაპარაკობ? ფიქრობ, რომ ჩვენ მოლაქლაქეები ვსხედვართ აქ და ვჭორაობთ და ვერაფერს ვხედავთ და არაფერი გვესმის? შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ“, – უთხრა ქიშმარიამ ბჟანიას, „ფული მოდის და მიდის. მექრთამეობა ასევე დასრულდება, ვერ შეძლებ სამუდამოდ მათ კვებას… ისინი [ხაჯიმბა და ძაფშბა] მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. მე დაგირეკე და გითხარი არ გაგეკეთებინა ეს, არ მოგესყიდა [ამომრჩველები]“.
კამპანიის მიმდინარეობისას ბევრი საუბარი იყო საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნების საჭიროებაზე, იმისდა მიუხედავად თუ ვინ მოიგებს არჩევნებს და ასევე იმაზეც, რომ საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება ძალთა უკეთესი ბალანსის სისტემის მისაღებად.
22 აგვისტოს პრეზიდენტობის ოთხივე კანდიდატმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას „ეროვნული ერთიანობის მიღწევისა და პოლიტიკური სისტემის რეფორმის განხორციელების ზომების შესახებ“, რომელშიც კანდიდატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების პირობა დადეს.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება კოალიციის საფუძველზე მოხდება, რაც გულისხმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების მომხრეთა რიგებიდან პროფესიონალების მოზიდვას“, – იტყობინება „აფსინიპრესი“ ერთობლივი დეკლარაციის ტექსტზე დაყრდნობით, „[მთავრობის წევრთა] კანდიდატებზე შეთანხმების მიზნით [საპრეზიდენტო] კანდიდატებს და მათი საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები არჩევნების შემდეგ გაიმართება“.
დეკლარაციის თანახმად, კანდიდატები, იმის მიუხედავად, თუ რომელი მოიგებს, ასევე პირდებიან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ხელშეწყობას, რათა ერთი წლის განმავლობაში გადაიხედოს ძალთა ამჟამინდელი გადანაწილება ხელისუფლების შტოებს შორის.
კანდიდატები ასევე შეთანხმდნენ „დიალოგის გაფართოებისა და შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნან საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც თოთოეული კანდიდატის სამი წარმომადგენელი შევა“.
კვირას არჩევნებში დაახლოებით 131 000 ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა, სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად.
ეს მონაცემი ჩამოუვარდება 2011 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ მაჩვენებლებს იმის გამო, რომ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი საარჩევნო სიებიდან ამოიღეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)