ახალი ამბები

ქართული ოცნება სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე ‘უსაფუძვლო წუხილებს’ პასუხობს

მთავრობის და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ცალკე განცხადებებით და წერილებით უპასუხეს იმ შეშფოთებას და კრიტიკას რომელიც დასავლეთში  ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას მოყვა.

ქართული ოცნების დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და თედო ჯაფარიძემ ინგლისურენოვანი წერილობითი განცხადებები გამოაქვეყნეს, ხოლო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა Wall Street Journal–ში გამოქვეყნებული კრიტიკული სარედაქციო სტატიის საპასუხოდ ამავე გამოცემას წერილი მიწერა.
 
ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დეპუტატ გიორგი ვოლსკის განცხადება  ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე–პრეზიდენტის, ევროპარლამენტის წევრის იაცეკ სარიუჟ-ვოლსკის განცხადებას პასუხობს.

ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გაუმართლებელი ბრალი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში ახალი მთავრობის დასახმარებლად მის საქმიანობასთან დაკავშირებით აღძრეს, წარმოადგენს იმ შემაშფოთებელი ქმედებების გაგრძელებას, რომლებიც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერის წინააღმდეგ განხორციელდა“.

იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მთელი რიგი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები იმას ამჟღავნებს, რომ ხელისუფლება ასოცირების შეთანხმებას სერიოზულად არ ეკიდება“

გიორგი ვოლსკი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მისი საპარლამენტო ფრაქცია „შოკირებულია  იმ ფაქტობრივად გაუმართავი და მიკერძოებული განცხადებით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ გააკეთა“. მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უკრაინაში მის ბოლოდროინდელ საქმიანობებს უკავშირდება, „სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს, და უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელი და პოლიტიკურად გაუწონასწორებელია“.

„ბრალდებების ‘გაუმართლებლად’ მიჩნევა ნიშნავს მოცემულ საქმეზე არსებითად მსჯელობას, რაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს“, – აცხადებს ვოლსკი და დასძენს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უკავშირდება ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის დროს, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას და მის „ექსპროპრიაციას“.  განცხადებაში იგი საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობოების მოწოდებებსაც იშველიებს, რომლებიც იმ დროს ხელისუფლებისგან ამ ინციდენტების სრულად გამოძიებას ითხოვდნენ.

„თუკი ბატონი სარიუჟ-ვოლსკი ან ევროპის სახალხო პარტია წაყენებულ ბრალდებებს ‘გაუმართლებლად’ და ‘პოლიტიკურად მოტივირებულად’ მიიჩნევს, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

„ამჟამად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ევროპის სახალხო პარტიის განცხადების გასამყარებლად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპები ირღვევა. არ გვინდა დავუშვათ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი მოითხოვს კონკრეტული პირების კანონზე მაღლა დაყენებას“.

ცალკე განცხადებაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე საქართველოს „რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორის და პატივსაცემი მეგობრის“, როგორც ის წერს, „უსაფუძვლო წუხილს“ ეხმიანება და იმავე მოსაზრებებს იმეორებს, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ ამერიკელი სენატორების მისამართით გაკეთებული განცხადებაში გააჟღერა.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა Wall Street Journal–ს წერილი გაუგზავნა, სადაც ის „კატეგორიულად“ აპროტესტებს ამ უკანასკნელის მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას „ქართული სირცხვილი“, სადაც მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ „პოლიტიკურ შურისძიებაშია" დადანაშაულებული.

„საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს“, – წერს წულუკიანი.  „პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას Human Rights Watch–ი ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე“.

„საქართველოს წარსულში მართლაც ბევრი სამარცხვინო გვერდია, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. ამას ვერ გავექცევით; ჩვენ ვისწავლით მისგან და წინ წავალთ. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა“, – წერს წულუკიანი.

6 აგვისტოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დაწერა თავის Twitter-ზე: „მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით საქართველოს ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს. ამას ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის“.

მსგავსი/Related

Back to top button