ახალი ამბები

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის გამოსაცდელი ვადის კრიტერიუმები განისაზღვრება

პარლამენტმა 26 ივლისის პირველი მოსმენით, 84 ხმით მიიღო ორი დღის წინ პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხილული ცვლილებები, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის 3-წლიანი გამოსაცდელის ვადის განმავლობაში მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

ნოემბრიდან ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო წესები საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ მათ გაიარონ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ქვეშ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 3 წლის ვადით მოსამართლის დანიშვნიდან ერთი წლის, ორი წლის თავზე და ასევე გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე იუსტიციის საბჭოს მიერ წილისყრით შერჩეული ერთი მოსამართლე და ერთი არამოსამართლე წევრი პარალელურ რეჟიმში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთი თვის განმავლობაში აფასებს მონიტორინგის ქვეშ მოქცეული მოსამართლის საქმიანობას.

ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის ამოწურვისთვის 15-წევრიან იუსტიციის საბჭოს სულ ექვსი ასეთი შეფასების დოკუმენტი ექნება ხელთ, რომელთა საფუძველზეც და ასევე მოსამართლესთან ზეპირი გასაუბრების გზით, ხმათა 2/3-ით მიიღებს გადაწყვეტილებას გაამწესოს თუ არა ის უვადოდ თანამდებობზე.

კანონპროექტის თანახმად, შეფასება ორი ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება  – კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, რომელთაც თავიანთი ქვეკრიტერიუმები გააჩნიათ.

კეთილსინდისიერების კრიტერიუმთან დაკავშირებით, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; პიროვნული და პროფესიული ქცევა; პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ფინანსური ვალდებულებები, მონიტორი იღებს ერთ-ერთ დასკვნას, რომ მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს მას.

რაც შეეხება კომპეტენტურობის კრიტერიუმს, მისი მახასიათებლებია: სამართლის ნორმების ცოდნა; სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; წერის უნარი; ზეპირი კომუნიკაციის უნარი; პროფესიული თვისებები, მათ შორის ქცევა სასამართლო დარბაზში; აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; პროფესიული აქტივობა. მონიტორი თითოეულ ამ მახასიათებელს ქულათა განსხვავებული მაქსიმალური ოდენობებით აფასებს, რომელთა ჯამიც კომპეტენტურობის კრიტერიუმის საერთო შეფასებისთვის მაქსიმალურ 100 ქულას შეადგენს.

მონიტორმა ამ კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის საქმიანობა უნდა შეაფასოს სულ ცოტა ხუთ საქმეზე მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესწავლის, კონკრეტულ პროცესებზე დასწრების, ასევე ამ ან სხვა მოსამართლესთან პირადი შეხვედრის და კითხვების დასმის გზით ისე, რომ არ ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა.

მოსამართლეს, რომელიც მონიტორინგის ქვეშ არის, კანონპროექტის მიხედვით, აქვს უფლება იუსტიციის საბჭოში გააპროტესტოს მონიტორის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება; მეორეს მხრივ, შემფასებლის საქმიანობაში ჩარევა დაცულია და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება.

გამოსაცდელ პერიოდში შეფასების დოკუმენტი ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ მოსამართლისთვის, რომელიც მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, რათა დარჩენილ ვადაში გაითვალისწინოს და გამოასწოროს შესაძლო ნაკლოვანებები; იუსტიციის საბჭოსთვის კი ეს დოკუმენტები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინ ხდება ხელმისაწვდომი.

იუსტიციის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში დადებული ექვსივე დასკვნის შეჯერების საფუძველზე იღებს და მოსამართლეს ან ნიშნავს ან უარს უცხადებს უვადოდ დანიშვნაზე იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის დადგენილ კრიტერიუმებს.

მოსამართლეს უფლება აქვს მისი დანიშვნის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში – ორგანოში, რომელიც ამ კანონპროექტით სპეციალურად იქმნება ამგვარი საქმეების განსახილველად და რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. კანონპროექტით, საკვალიფიკაციო პალატა იმ შემთხვევაში აუქმებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას და უბრუნებს მას საქმეს ხელახლა განსახილველად, თუ ჩათვლის, რომ გამოვლენილმა დარღვევებმა იმოქმედა საბოლოო შედეგზე, რაც იუსტიციის საბჭოს არასწორ გადაწყვეტილებაში აისახა.

საპარლამენტო განხილვის დროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომელმაც კანონპროექტს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა, განაცხადა, რომ ეს წესები მომავალ გაზაფხულზე პრაქტიკაში იმ მოსამართლეების მიმართ ამოქმედდება, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით უკვე დაინიშნენ თანამდებობებზე.

მსგავსი/Related

Back to top button