საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ ნახევარში
საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2010–2014 წლების იანვარ-ივნისში, მილიონ აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ ნახევარში 16%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 16.2%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 24 ივლისს.
2014 წლის იანვარ–ივნისში ექსპორტის მოცულობა 15%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 16%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის პირველ ნახევარში 939.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 584.2 მილიონი აშშ დოლარით; ჩინეთი – 380.2 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 363.8 მლნ აშშ დოლარით; უკრაინა – 326.9 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 270.4 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 259.7 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 251.4 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 195.2 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 159.4 მლნ აშშ დოლარით.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2014 წლის იანვარ–ივნისში, რაც 15%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 296 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41%–იანი ზრდაა, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება „საქსტატი“.
2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ვაჭრობამ დსთ–ს ქვეყნებთან 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ქართული ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 11%–ით გაიზარდა და 758 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 9%–ით გაიზარდა და 957 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2014 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის ექსპორტში 289.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9%–იანი კლებაა 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კლება ძირითადად უკავშირდება მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებას აზერბაიჯანში, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანის მიერ აპრილიდან შემოღებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირში 2005 წლამდე, აშშ–ში 2004 წლამდე და იაპონიაში 2011 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 160.7 მილიონი აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 137.6 მილიონი აშშ დოლარით; ღვინო – 84.8 მილიონი აშშ დოლარით (2.5–ჯერადი ზრდა 2013 წლის პირველ ნახევართან შედარებით); აზოტოვანი სასუქები – 73.9 მილიონი აშშ დოლარით; მინერალური წყლები – 72.6 მილიონი აშშ დოლარით (1.6–ჯერადი ზრდა 2013 წლის პირველ ნახევართან შედარებით); არადენატურირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელები – 43.9 მილიონი აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან – ე.წ. „არმატურა“ – 38.8 მილიონი აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები – 38.2 მილიონი აშშ დოლარით; ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან – 28.8 მილიონი აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის პირველ ნახევარში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 416.9 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 331.7 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 181.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 147.4 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 93.5 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 84.8 მლნ აშშ დოლარი; აირის ტურბინები – 66.8 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 47.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 47.1 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 44.9 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)