ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი დაკრძალეს, გამოძიება კი გრძელდება

ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელი და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა, კვირას თბილისში დაკრძალეს, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტების ჩართულობით.

კიწმარიშვილის პანაშვიდები კვირას „რუსთავი 2“–ში გაიმართა, ტელეკომპანიაში, რომელიც მან 20 წლის წინ დააარსა და რომლის თანამფლობელიც ის 2004 წლამდე იყო.

კიწმარიშვილი 15 ივლისს იპოვნეს გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში, რომელიც ვაკეში მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში ეყენა; იგი მძღოლის სავარძელში იჯდა და ღვედი ჰქონდა შეკრული; მას ერთადერთი მიბჯენით ნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში, როგორც ამის თაობაზე ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომელიც ასევე ჩართულია მიმდინარე გამოძიებაში.

ოჯახმა გამოძიებაში ასევე ჩართო კერძო ბალისტიკური ექსპერტი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შეამოწმა მანქანაში ნაპოვნი CZ–ის ტიპის იარაღი, გასროლილი ტყვია და მასრა. დასკვნა, რომელიც უნდა გაკეთდეს, განსაზღვრავს განხორციელდა თუ არა გასროლა მანქანაში ნაპოვნი იარაღიდან. პროკურატურის ინფორმაციით, იარაღი კიწმარიშვილმა თავის სახელზე გარდაცვალების დღეს, 15 ივლისს დაირეგისტრირა.

იარაღის ვიზუალური დათვალიერებით არ იქნა აღმოჩენილი მასზე ან მის ლულაზე სისხლის კვალი და ამიტომ საჭირო გახდა მისი შემდგომი შემოწმება, მათ შორის იარაღიდან და ლულის თავიდან დნმ–ს ნიმუშების აღება, როგორც ამის შესახებ ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ სისხლის ლაქები და შხეფები იმის მაჩვენებელია, რომ მეორე წინა სავარძელზე არავინ იჯდა გასროლის დროს. ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბმა განაცხადა, რომ იარაღზე ანაბეჭდების თავდაპირველი გამოკვლევა არ იყო სრულყოფილი და შემდგომი ექსპერტიზა მიმდინარეობს.

მართალია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხება, მაგრამ გამომძიებლები სხვა ვერსიებსაც ამოწმებენ, განაცხადა პროკურატურამ  16 ივლისს; მას შემდეგ, სამართალდამცავებს რაიმე სხვა განცხადებები არ გაუკეთებიათ საქმესთან დაკავშირებით.

კიწმარიშვილის ოჯახი, მისი მეგობრები და კოლეგები აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ადამიანი, რომელიც თავის პარტნიორებთან სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საკაბელო ტელევიზიის შექმნაზე მსჯელობდა, თავს მოიკლავდა.

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე 20 ივლისს: „ეროსი კიწმარიშვილი და "თვითმკვლელობა" ჩემთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან“.

კიწმარიშვილი ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე იყო. „რუსთავი 2"–მა, რომლის თანამფლობელიც ის 2004 წლის ზაფხულამდე იყო, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ამ პროცესების შედეგად კიწმარიშვილმა მნიშვნელოვანი  პოლიტიკური გავლენა მოიპოვა. თუმცა, მოგვიანებით, სავარაუდოდ მაშინდელ პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირების შემდეგ, ის ჩამოიშორეს.

2004 წლის ივლისში მან „რუსთავი 2“–ში საკუთარი წილი გაყიდა; ის, თუ როგორ მოხდა წილების გადანაწილება, მისი ყოფილი პარტნიორების მიერ დავის საგნად რჩება. რამდენიმე წელიწადში ის დაბრუნდა და სააკაშვილს ეხმარებოდა კამპანიის წარმართვაში 2008 წლის იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სააკაშვილის ხელახლა არჩევის შემდეგ კიწმარიშვილი საქართველოს ელჩად დაინიშნა რუსეთში, სადაც ის 2008 წლის ივლისამდე მუშაობდა, სანამ მას მოსკოვიდან გამოიწვევდნენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც, საბოლოო ჯამში, 2008 წლის აგვისტოში ომით დასრულდა. 2008 წლის სექტემბერში კიწმარიშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა მაშინდელი პრეზიდენტი იმაში, რომ მან აგვისტოს ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო.  

კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე საუბრისას, ექს–პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 19 ივლისს, რომ ტელეკომპანია „რუსი ოლიგარქის მთავარი სამიზნედ რჩება“. მას მხედველობაში ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „ეროსის სიცოცხლის პირობებში „რუსთავი 2“–ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა“.

„მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“–ს ციურიხიდან ესაუბრა, „მაგრამ გამოძიების ადგილზე, მთელ მხილებულებებს შევკრებდი და გავაგზავნიდი ფედერალური გამოძიების სააგენტოში ამერიკაში იმიტომ, რომ მე არ მგონია, რომ საქართველოში დღეს შეიძლებოდეს ამის ნორმალურად გამოძიება“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომელსაც ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი და ყოფილი მთავრობის წევრი ნიკა გვარამია მართავს, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მფლობელები რამდენჯერმე გამოიცვალა; მისი მფლობელების ცვლილება ძირითადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. „რუსთავი 2“–ის რამდენიმე ყოფილმა მფლობელმა, მათ შორის დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს და არხის მფლობელობის აღდგენას ითხოვენ; ისინი აცხადებენ, რომ მათ წინა ხელისუფლებამ აიძულა, რომ თავიანთ წილებზე უარი ეთქვათ; მათ კიწმარიშვილთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. 2012 წლის ნოემბერში მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ყოფილი მფლობელები არხის დაბრუნებას ცდილობდნენ და მათ „რუსთავი 2“–ის რეალური მფლობელები უწოდა. კიწმარიშვილი აცხადებდა სხვადასხვა ინტერვიუებში, რომ თუ აქიმიძე და დვალი კანონიერი მფლობელები იყვნენ, მასაც უნდა ჰქონოდა უფლება, რომ ის 30% მოეთხოვა, რომელსაც ის არხზე ფლობდა და რომ ამ დავის მოგვარება მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.          

2009 წლის ნოემბერში კიწმარიშვილი სამაუწყებლო ბიზნესს დაუბრუნდა და ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი გახდა. თუმცა ორი წლის თავზე „მაესტროს“ თანამფლობელები და კიწმარიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; ეს დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლოში კიწმარიშვილის გარდაცვალების მომენტისთვის.

2010–2011 წლებში კიწმარიშვილი პოლიტიკურად აქტიური გახდა და მან რამდენიმე იმდროინდელ ოპოზიციურ ფიგურასთან ერთად ქართული პარტია დააფუძნა; მათ შორის იყო ამჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. 2011 წლის დასასრულამდე პარტია ფაქტიურად უმოქმედო გახდა და მას შემდეგ კიწმარიშვილს არ უაქტიურია.

კიწმარიშვილი პოლიტიკაში 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ ხელახლა გამოჩნდა, როცა ის რუსთავის მერად იყრიდა კენჭს. ის მშობლიურ ქალაქში მესამე ადგილზე გავიდა ხმების 12%–ით, ხოლო 12 ივლისის მეორე ტურამდე, კიდევ სამ ყოფილ კანდიდატთან ერთად, მხარდაჭერა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატთან წააგო.

მსგავსი/Related

Back to top button