skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, სოხუმმა რკინიგზის აღდგენის თემა უნდა წამოწიოს

სოხუმი მიიღებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სარგებელს, თუ აფხაზეთის გავლით სომხეთის და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა აღდგება, განაცხადა ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატიდან ერთ–ერთმა, ასლან ბჟანიამ, რომელიც სეპარატისტული რეგიონის  24 აგვისტოს ვადამდელ არჩევნებში იყრის კენჭს. 

ბჟანიამ, რომელიც 16 ივლისამდე სეპარატისტული რეგიონის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, განაცხადა „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში, რომ სოხუმმა აქტიურად უნდა დააყენოს რკინიგზის აღდგენის საკითხი.

„ჩემთვის აშკარაა, რომ ჩვენ მთელ რიგ ხელსაყრელ პოზიციებს მივიღებთ, თუ ჩვენთან ტრანზიტით გაივლის ტვირთები რუსეთიდან, სომხეთიდან, ირანიდან და იგივე საქართველოდან“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს აფხაზეთს სატრანზიტო გადასახადების სახით დამატებით შემოსავლებს მოუტანს და რეგიონს საშუალებას მისცემს ეს მარშრუტი საკუთარი ექსპორტისთვისაც გამოიყენოს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით… ეს არის ჩვენი აღიარება სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ. მეორეც, ტრანზიტორი ქვეყნები სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად იმაგრებენ პოზიციებს ტრანზიტის მომხმარებლებთან ურთიერთობებში“, – განაცხადა ბჟანიამ, „აფხაზეთმა არა მხოლოდ მხარი უნდა დაუჭიროს ამ სატრანზიტო მარშრუტის აღდგენას, არამედ აქტიურად უნდა წამოწიოს ეს პროექტი რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობებში“.

მისი თქმით, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სამართლებრივი სტატუსი მოლაპარაკებების საგანიც კი არ უნდა გახდეს. „ეს [აფხაზეთის] სახელმწიფოს საკუთრებაა და ამ პროექტმა არანაირი საფრთხე არ უნდა შეუქმნას სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბჟანიამ.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე დებატების განახლება იმ მიმართვამ გამოიწვია, რომელიც 7 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის ეთნიკურად სომხური წარმოშობის ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა წევრმა, მათ შორის სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მოქმედმა ვიცე–სპიკერმა ვაგარშაკ კოსოიანმა გააკეთა.

თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ოთხმა ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატმა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის თაობაზე „ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის“ დაწყებისკენ მოუწოდეს, რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს აფხაზეთის, როგორც „სუვერენული სახელმწიფოს“ შესვლას „ევრაზიის ინტეგრაციულ სტრუქტურებში“ და რეგიონის ბიუჯეტსაც დაეხმარება. მათ პრეზიდენტობის კანდიდატებს ამ დებატებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონის ახალმა ლიდერმა, რომელიც აგვისტოს არჩევნების შედეგად იქნება არჩეული, „მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რკინიგზის აფხაზურ–ქართული მონაკვეთის სწრაფ გახსნაზე“.

ზოგიერთი აფხაზი დეპუტატი ამ განცხადებამ გააღიზიანა. 10 ივლისს გამართულ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, რომ განცხადების ფორმულირება მცდარ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს „ჩვენ არ გვინდა რკინიგზის აღდგენა“; სიტუაციის ამგვარად წარმოჩენა, განაცხადა მან, „პროვოკაციულია“ და „წინააღმდეგობას ქმნის აფხაზებს და აფხაზეთის ეთნიკურად სომეხ  მოქალაქეებს შორის“.

რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა ვლადიმერ იაკუნინმა, რომელიც გასულ თვეს სომხეთს სტუმრობდა, განაცხადა „რეგნუმთან“ ინტერვიუში, რომ „სომხეთის ბლოკადის პირობებში ჩვენი წარმოდგენა გადაზიდვების ზრდასთან დაკავშირებით არ შეესაბამება იმ ბიზნეს გეგმას, რომელზეც საკონცენსიო შეთანხმებაა დაფუძნებული“. ამ საკონცენსიო შეთანხმებით, რუსეთი სომხეთის სარკინიგზო ქსელის ოპერირებას 2008 წლიდან ახორციელებს.

„ჩვენ ვაცნობეთ სომხეთის პრეზიდენტს ჩვენი ხედვა და მან საკუთარი შეხედულება გამოთქვა საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიმართ დიდი მოთხოვნის თაობაზე, მანამდე კი აუცილებელია ამ რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამუშავება, რაც დიდწილად აფხაზეთის ხელისუფლების პოზიციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა იაკუნინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს საქართველოს გავლით დაუკავშირებს, „პოლიტიკურად მოტივირებული პროექტია“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 18 ივნისს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართალია თბილისი მზად არის ამ საკითხზე იმსჯელოს, თუმცა ამჟამად ეს პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხი არც კი განიხილება.

2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან პოტენციური ერთობლივი კონსორციუმის თაობაზე, რომელიც რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის რეაბილიტაციის საკითხზე იმუშავებდა. თუმცა, იმ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.

 

მსგავსი/Related

Back to top button