ახალი ამბები

ქართული ასეული ევროკავშირის სამხედრო მისიაში ერთვება



ბათუმის  ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 ივნისს გამართულ ცერემონიაზე. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ბათუმის  ქვეითი ბატალიონის ასეული მიმდინარე კვირას ევროკავშირის სამხედრო მისიას შეუერთდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაახლოებით 140 ქართველი სამხედრო ევროკავშირის მისიაში ჩაერთვება, რომლის მანდატიც ითვალისწინებს დედაქალაქ ბანგის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და ყველა პირობის შექმნას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. მისიის მეთაურია ფრანგი გენერალ–მაიორი ფილიპ ფონტისი. EUFOR RCA–ის ძალები ბანგის აეროპორტში და დედაქალაქის ორ რაიონში იქნებიან კონცენტრირებული.

6 ივნისს სამხედროების გაცილების ცერემონიაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა: „რასაც ვაკეთებთ ავღანეთში და გავაკეთებთ აფრიკაში, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, განამტკიცებს მის  ავტორიტეტს“.

ევროკავშირის ელჩმა ფიპილ დიმიტროვმა განაცხადა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართულ ცერემონიაზე: „ჩემს ქვეყანაში [ბულგარეთში], სანამ ის ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდებოდა, მარტივი პრინციპი გვქონდა: ისე გვემოქმედა, თითქოს უკვე წევრი ვიყავით და დროც მოვიდოდა. მივესალმები საქართველოს მთავრობას ამ პრინციპის განხორციელების გამო. თქვენ იქნებით ერთ–ერთი თვალსაჩინო საბუთი იმისა, რომ ეს პრინციპი მუშაობს“.

„ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, ევროკავშირისთვის; ეს მნიშვნელოვანი დღეა საფრანგეთისთვის და აფრიკისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში  რენო სალენსმა ცერემონიაზე, „ხვალ ქართველი სამხედროების პირველი კონტინგენტი მიემგზავრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში… საფრანგეთი, როგორც ამ ოპერაციის წამყვანი ქვეყანა, განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს სამხედრო წვლილის გამო“.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში ერთვება საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. 2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში თბილისის  მონაწილეობის შესახებ.

პარლამენტმა 106 ხმით 1–ის წინააღმდეგ 21 თებერვალს მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button