ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრი ტაუკელინა ფინიკასო ხელს აწერენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს, 2014 წლის 31 მარტი, თბილისი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
31 მარტს საქართველომ და ტუვალუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რითაც წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ უკან წაიღო 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე.
საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს 31 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ მოაწერეს ხელი.
ამით ტუვალუ მეორე ქვეყანა გახდა, ვანუატუს შემდეგ, რომელმაც აღიარება უკან წაიღო – ვანუატუმ ეს გადაწყვეტილება 2013 წლის ივლისში მიიღო.
ტუვალუმ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები 2011 წლის სექტემბერში აღიარა; მაშინ ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი თელავი იყო, რომელიც აღიარების შემდეგ სოხუმს ორჯერ სტუმრობდა. ის 2013 წლის აგვისტოში პრემიერ–მინისტრის პოსტზე ენელე სოპოაგამ შეცვალა, რომელიც მისი წინამორბედის გადაწყვეტილებას პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების თაობაზე ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდა.
„საქართველო მიესალმება ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და გამოთქვამს იმედს, რომ ტუვალუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ 31 მარტს ტუვალუელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ერთად ამ დროისთვის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული რჩება ნიკარაგუას, ვენესუელას და წყნარი ოკეანის კიდევ ერთი კუნძულოვანი სახელმწიფოს ნაურუს მიერ.
„დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ძალადობრივი თუ სხვა უკანონო გზით არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ ბრიფინგზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ტუვალუს დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.