
მარგველაშვილი ობამას განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ბარაკ ობამას განცხადება ნატოსთან დაკავშირებით არ იყო ის, რისი მოსმენაც მას უნდოდა.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო განცხადება, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და სწორედ ასეთი განცხადების მოსმენა მენდომებოდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა 28 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „პოზიცია" ობამას განცხადების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა არ დგანან ნატოს წევრობის გზაზე.
თუმცა, მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არც იყო მოსალოდნელი, რომ საქართველო ნატოს წევრი 2014 წლის სექტრემბრის უელსის სამიტზე გახდებოდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას… სახელმწიფო დაცულობას ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში ვეძიებთ, მაგრამ მოლოდინი, რომ ჩვენ უელსში ნატოს წევრები გავხდებოდით, ასეთი არ იყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან აღსატაცებელი ეს განცხადება არ იყო… ჩვენ გეგმებს ეს განცხადება არაფრით არ ცვლის, ჩვენ ვმოძრაობთ იგივე ტრაექტორიაზე“.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა 28 მარტს, როდესაც მას ობამას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომ ვაშინგტონი „მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციას, აგრეთვე იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო“.
„პრეზიდენტის კომენტარები ასახავდა იმ გარემოებას, რომ ამ მომენტისათვის საქართველო ითხოვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და არა წევრობას. გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საკითხს ალიანსი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, დიდი ბრიტანეთის სამიტზე განიხილავს და იხელმძღვანელებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის პრინციპით“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
- ობამა: ‘არც უკრაინა, არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან’
- მთავრობის წევრთა კომენტარები პრეზიდენტ ობამას განცხადებაზე
- ბოკერია აკრიტიკებს ღარიბაშვილის რეაქციას ობამას ‘არახელსაყრელ’ განცხადებაზე
- ბურჯანაძე ობამას განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რომლის მიღებაც საქართველოს ხელისუფლებას ნატოს სექტემბრის სამიტზე სურს, ალიანსში წევრობის წინა ეტაპია.
თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნატომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიანიჭოს, როგორც ჯილდო ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს საკითხი თავის იტალიელ, ესპანელ და სლოვაკ კოლეგებთან განიხილა ბოლო ორი კვირის მანძილზე გამართული შეხვედრების დროს.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ საქართველოს უარი უთხრა MAP-ის მინიჭებაზე, თუმცა ალიანსის ლიდერები დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაწევრიანდება ნატოში.
ამჟამად საქართველო ნატოსთან დაკავშირებულ რეფორმებს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (Annual National Programme – ANP) ფარგლებში ახორციელებს – ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმების ნუსხა, რომელსაც ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს და შემდეგ მათ შესრულებას ნატო აფასებს.
საქართველოს ოფიციალური პირების და დასავლელი დიპლომატების თქმით, თავისი არსით ANP ფაქტიურად იგივე „დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა“. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა იანვარში, რომ MAP – ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის. „ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: ‘სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?’“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
MAP–ის საკითხს პრაქტიკული ასპექტიც გააჩნია, რადგანაც 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ MAP იქნება მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მინიშნებები იმის თაობაზე, რომ MAP–ის ეტაპის გავლა აუცილებელია ალიანსში გაწევრიანებამდე, ასევე კეთდება საქართველოს შესახებ ნატოს გადაწყვეტილებებში.
კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა 28 მარტს, რომ იგი იმედოვნებს, რომ ნატო სექტემბრის სამიტზე მკაფიო პასუხს გასცემს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და ამის ერთ–ერთი ვარიანტი საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაა. მისი თქმით, მეორე ვარიანტია იმის გამეორება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა ამავე დროს არ უნდა გაკეთდეს იმაზე მინიშნება, რომ ამისთვის MAP–ის ფაზის გავლაა საჭირო.
ვაშინგტონში 26 თებერვალს პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებულ იქნას ყველა წევრის მიერ ნატოს წლევანდელ სამიტზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)