Placeholder canvas
ახალი ამბები

მარგველაშვილი ივანიშვილის კრიტიკაზე კომენტარს აკეთებს



ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის 19 ოქტომბერს მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ‘მაინცდამაინც სასიამოვნო’ არ იყო ყოფილი პრემიერ–მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მისი კრიტიკის მოსმენა, თუმცა მან ყოფილ პრემიერ–მინისტრთან არსებული უთანხმოების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

მარგველაშვილმა ეს განცხადება დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა – მარგველაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლის გამოყენების თაობაზე ერთ–ერთი ის საკითხი იყო, რომლის გამოც ივანიშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა.

მარგველაშვილმა პრესკონფერენცია იმისთვის მოიწვია, რომ განცხადება გაეკეთებინა და დაეგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, მაგრამ მისი მისამართით დასმული კითხვების უმეტესობა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდებოდა.  

ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „იმედს“ და მარგველაშვილთან მისი წარსული ურთიერთობებისა და არსებული უთანხმოებების შესახებაც ისაუბრა, მარგველაშვილი პრესკონფერენციის დროს უარს აცხადებდა ამ დეტალებზე საუბრისგან.

მან აღნიშნა, რომ არ სურს მედიასთან კერძო საუბრების შესახებ ისაუბროს. 

„ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბიძინას ძალიან მაღალი შეფასება მაქვს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის“, – დასძინა მარგველაშვილმა.

„ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იყო გარკვეული თემები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით. ვერ მოხდა ბოლომდე შეთანხმება რაღაც საკითხებზე. იყო ინტენსიური მსჯელობები ამ საკითხების ირგვლივ; თუმცა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის, რასაც ვსაუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ ერთი მიზეზით, რომ ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები ჩემსა და მედიის საშუალებით ბიძინასთან. ეს არის ჩვენს შორის ურთიერთობები, რომლის განხილვასაც მე არ ვაპირებ საჯაროდ“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები და შენიშვნები“, – დასძინა მარგველაშვილმა.



გიორგი მარგველაშვილი (მარჯვნივ) და მისი მრჩეველი საგარეო პოლიტის საკითხებში ვანო მაჭავარიანი (მარცხნივ), 2013 წლის 4 ნოემბერი. ფოტო: მარგველაშვილის პრესსამსახური

ივანიშვილმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მაჭავარიანი, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტის „ფავორიტი“ გახდა. მაჭავარიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, მარგველაშვილის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.      
 
როდესაც პრეზიდენტს ამის თაობაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ურთიერთობები, რომლებიც არის ვანოსა და ბიძინას შორის, ამ საკითხებზე ეს ორი ადამიანი ძალიან ღიად საუბრობს. ეს იყო თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ის, რაც მე და ბიძინას გვილაპარაკია, მე არ ვაპირებ ღიად და საჯაროდ განხილვას“.



პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლამდე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თებერვალში რეზიდენცია რამდენი დღით საგამოფენო სივრცედ აქცია, სადაც თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა მოეწყო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პრეზიდენტის სასახლეში გადასვლასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივა იყო ამ სასახლეში ახალი უნივერსიტეტი გახსნილიყო, მაგრამ ეს პროექტი „ჯერ ვერ დაიძრა“.  მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის კანცელარიის „ორ ოთახში“ მუშაობა ძალიან ძნელი იყო და მიღებულ იქნა პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის გადაწყვეტილება.

როდესაც მას მთავრობასთან ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ კვლავ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური კურსის ერთგული რჩება და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა მის საგარეო ან საშინაო პოლიტიკურ საქმიანობაში, რომელიც მისი ამ კურსიდან გადახვევას დაადასტურებდა. 

„ჩვენ ერთიანი ღირებულებითი სისტემის ფარგლებში ვმოქმედებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.      

მან ასევე განაცხადა, რომ „ძალიან ნორმალური, სამუშაო ურთიერთობა“ აქვს მთავრობასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button