skip to content
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრმა სტუდენტების კრიტიკულ კითხვებს უპასუხა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 მარტს სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც მთელ რიგ საკითხებზე დაუსვეს მას კითხვები დაწყებული განათლების დაფინანსებიდან და ზოგიერთი მინისტრის კომპეტენციიდან, დამთავრებული შრომითი უფლებებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებით და კულტურული მემკვიდრეობის თემებით.

ღარიბაშვილმა სტუდენტებთან პირველი საჯარო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, რომელიც მან დაახლოებით ცხრა წლის წინ დაამთავრა.

თავის შესავალ სიტყვაში მან პრემიერ–მინისტრის კანცელარიაში „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ გახსნის გეგმა გაახმოვანა, სადაც  მისი თქმით, მოხდება ყველა ფინანსური რესურსის აკუმულირება სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სასწავლებლად სტიპენდიების გამოსაყოფად – ამ პროგრამას სახელმწიფო უკვე წლებია აფინანსებს. მისი თქმით, ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ამ სტიპენდიების მიმღებთა დასაქმება საჯარო სამსახურში. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს თბილისში ააშენოს საერთო საცხოვრებელი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც რაიონებიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან.

როდესაც კითხვა–პასუხის დროს, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, ერთი სტუდენტი მიესალმა მთავრობის პოლიტიკას ზოგიერთი მიმართულებით, თუმცა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ის ვერ აგვარებს ეფექტურად მთელ რიგ პრობლემებს, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „საინტერესო კითხვაა. მაგრამ მოდით ეს ემოციები გავწიოთ და რეალობაში დავბრუნდეთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში პრობლემებია. ის, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენს ხელისუფლებას, ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. მაგრამ ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხდება ერთ დღეში. ის, რომ უნივერსიტეტს სჭირდება უფრო მეტი დაფინანსება, მე ძალიან კარგად ვიცი. ის, რომ ძალიან ბევრი უსახლკაროდაა დარჩენილი, მე ძალიან კარგად ვიცი. ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი რომ არის, ძალიან კარგად მესმის. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს აქვს ამის საშუალება და არ აკეთებს? მაშინ ძალიან ცდებით. სახელმწიფოს აქვს თავისი პრიორიტეტები. წლების განმავლობაში ხდებოდა ის, რომ არ ხდებოდა პრიორიტეტების სწორად დალაგება“.

როდესაც ერთმა სტუდენტმა მოუწოდა მას, რომ „მონსტრი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 570 მილიონი ლარის დაფინანსების შემცირების ხარჯზე მეტი თანხა გამოიყოს განათლების სფეროსთვის, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი მარტივი მიდგომა არ იმუშავებს.

„უამრავი პრიორიტეტი აქვს სახელმწიფოს, რაც ასე ერთი ხელის მოსმით არ გადაიხედება. ამას სჭირდება დრო. ამ პრობლემის მოგვარებას ერთ დღეში ნურავინ ნუ მოითხოვს. ჩვენ რეალობა არ უნდა დაგვავიწყდეს – სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ… მე არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომლებიც მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან… მე მირჩევნია გავაკეთო ჯერ და გაკეთებულმა საქმემ ილაპარაკოს ჩვენზე და არა პირიქით“, – განაცხადა მან.  

‘ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელი სამინისტროებში’

როდესაც ერთმა სტუდენტმა უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ საჯარო სამსახურებში და სამინისტროებში პროფესიონალების ნაკლებობაა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს „მტკივნეული“ საკითხია.

„ძალიან ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომლები არიან სამინისტროებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემა „ეტაპობრივად“ მოგვარდება საჯარო სამსახურის დაგეგმილი რეფორმის საშუალებით. „ერთ დღეში ვერ მოგვარდება პრობლემები, ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა მან.

მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა ზოგიერთი მინისტრის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა, ღარიბაშვილმა მისი მთავრობის წევრები დაიცვა. სტუდენტმა უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ მას უსამართლობის გრძნობა უჩნდება და აფიქრებინებს, რომ განათლებას „აზრი ეკარგება“, როდესაც ის ხედავს, რომ ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი ხდება და ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც განათლებით იურისტი არ არის, შინაგან საქმეთა მინისტრია, ან როცა პიროვნება დანაშაულებრივი წარსულით მთავარი პროკურორის პოსტს იკავებს (ოთარ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია დეკემბერში მას შემდეგ, რაც მისი კრიმინალური წარსულის შესახებ ბრალდებები გაჟღერდა).

ღარიბაშვილმა უპასუხა: „თქვენ კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ სხვადასხვა მინისტრების. ამაზე როგორ უნდა გიპასუხოთ, მე მგონი, ეფექტურად მუშაობენ ისინი და რაიმე კითხვები თუ გაქვთ, მე სიამოვნებით მოვისმენ“.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგური

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის საკითხი შეხვედრის დროს რამდენიმე სტუდენტმა  წამოიწია.

650 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება სვანეთის რეგიონში  დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის და რეზერვუარის მშენებლობას მოიცავს მდინარე ენგურზე; პროექტის შედეგად დაიტბორება სოფელი ხაიში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება დასჭირდება. კაშხლის მშენებლობა პირველად 80–იან წლებში დაიწყო, თუმცა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა შეწყდა. პროექტი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა. მოქმედმა ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი პროექტს, თუმცა მას ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა. ადგილობრივები გადასახლების წინააღმდეგნი არიან.

ერთმა სტუდენტმა უთხრა პრემიერ–მინისტრს იმ წინასაარჩევნო დაპირებებზე მითითებით, რომლითაც ქართული ოცნება დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ ხაიშის და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები იმედოვნებდნენ, რომ  ხუდონჰესის პროექტი აღარ განხორციელდებოდა. სხვა სტუდენტმა განუცხადა ღარიბაშვილს, რომ ხუდონჰესი საფრთხეს შეუქმნის სვანეთის სუბკულტურას  ხაიშის მოსახლეობის გადასახლების შედეგად.

„მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანულ კულტურას“, – უპასუხა ღარიბაშვილმა, „არავინ არ ეხება სვანულ კულტურას – ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში საზოგადოება და მსმენელი. სვანური კულტურა, რა თქმა უნდა, არ დგას საფრთხის წინაშე. მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის. საქართველო არის მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა და მე ვარ ერთ–ერთი პირველი დამცველი ამ მრავალფეროვნების. უბრალოდ არასწორი ინფორმაცია გაქვთ ალბათ, რომ ამ ჰესის აშენებით შეიძლება სვანური კულტურა განადგურდეს, როგორც თქვენ თქვით“.

„ხუდონზე მაქვს შემდეგი პოზიცია, რომ ჩვენ ყველა მოქალაქის პოზიცია და აზრი უნდა გავითვალისწინოთ და მე პირადად განვაცხადე, რომ არასოდეს სახელმწიფო არ მიღებს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მათი პოზიციების შეჯერება. ამ მოქალაქეებს სწორედ უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ხუდონჰესის აშენება სვანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ მათ მაინც არ მოუნდებათ და მათ ექნებათ მყარი არგუმენტები, სამართლიანი არგუმენტები, ამას მე აუცილებლად გავითვალისწინებ. მაგრამ ის არგუმენტები, რაც თქვენ მოიყვანეთ, არასწორია და ეს პირდაპირ შეცდომაში შეიყვანს მსმენელს“, – მიმართა მან სტუდენტს.

ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესი „მტკივნეული“ საკითხია და არსებობს კითხვები, რომლებსაც ინვესტორმა, ენერგეტიკის სამინისტრომ და ზოგადად  მთავრობამ უნდა გასცენ პასუხი.

კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში ღარიბაშვილს ასევე მოუწია საყდრისის ოქროს საბადოს შესახებ დასმულ კრიტიკულ კითხვებზე პასუხიც გაცემა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, რომელსაც შეხვედრა მიყავდა, აღნიშნა რა შეკითხვების სიმწვავე, მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

„მე მოვისმინე მწვავე შეკითხვები და ეს ძალიან კარგი და სასარგებლოა პირადად ჩემთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „მიმაჩნია, რომ კრიტიკა და მწვავე შეკითხვები უნდა არსებობდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური. ამაზეც უნდა შევთანხმდეთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button