skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილმა პოლონელ და თურქ კოლეგებთან უკრაინის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3 მარტს ტელეფონით ესაუბრა თავის პოლონელ და თურქ კოლეგებს, ბრონისლავ კომოროვსკის და აბდულა გიულს, და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს „უკრაინაში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენა“, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრეს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე. გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, „საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციას მომავალშიც განაგრძობენ“.

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა მაისში თბილისში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მაღალი დონის შეხვედრაზეც ისაუბრეს.

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა „უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს". საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ უახლოეს პერიოდში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა.

„პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროანტლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომლის თანახმად ორმა პრეზიდენტმა ერთმანეთი ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს, შესაბამისად, საქართველოსა და პოლონეთში.

იმავდროულად, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც იქნა განხილული. ორშაბათს საღამოს გამართულ სხდომას პრემიერ–მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button