skip to content
ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ უგულავას მიმართ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვა

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები და შედეგად, უგულავას მერის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებული აქვს; ასევე მას 50 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევს, ვინაიდან სასამართლომ უარი უთხრა პროკურატურას პატიმრობის გამოყენებაზე.

26 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ მან არ დააკმაყოფილა არც დაცვის მხარის და არც პროკურატურის სარჩელები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც უგულავას ბრალად ედება დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში.

უგულავას ადვოკატები ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ანულირებას, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა და სანაცვლოდ აყენებდნენ მოთხოვნას უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ან ალტერნატივის სახით პირადი თავდებობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარის ამ მოთხოვნების უარყოფასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ასევე უარი უთხრა ბრალდების მხარეს უგულავასთვის წინასაწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნაზე, რაც ასევე უარყოფილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

26 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ასევე უარი უთხრა უგულავას ადვოკატებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც თბილისის მერის თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენების ანულირებას ეხებოდა.

„მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება“, – განაცხადა გიგი უგულავამ თავის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

უგულავას დამცველები აცხადებენ, რომ პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილების აღსრულებისთვის არანაირი იურიდიული ნორმები არ არსებობს.

„ველოდები ზემდგომ თუ ზედამხედველ პროკურორს. მე კი ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განვაგრძობ. ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ. თბილისის "მერი" გიგი უგულავა“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button