skip to content
ახალი ამბები

საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ სრულდება

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი ვერ შესრულდება, რადგანაც, ოფიციალური მაჩვენებლების და მინისტრების ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკური ზრდის რეალური მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც 6%–ს შეადგენს.  

მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, კიდევ უფრო მეტ კრიტიკას დაიმსახურებს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ შემოსავლებში დანაკლისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდება პარლამენტს ბიუჯეტის შემცირების თხოვნით მიმართოს წლის ბოლომდე.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა 9 ნოემბერს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრს ადგილი არ ექნება. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის დეტალებზე მომდევნო კვირას ისაუბრებს, როდესაც ამ საკითხის განხილვა პარლამენტში მოეწყობა.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელში დანაკლისია მოსალოდნელი, რადგანაც ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი, ვიდრე ის წლის ბოლოს იქნება. ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე 1.7% შეადგინა.   
 
გადასახადების ამოღების მონაცემების თანახმად, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში საგადასახადო შემოსავლებმა 4.58 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის საგადასახადო შემოსავლების 6.92 მილიარდი ლარის ოდენობის საპროგნოზო მაჩვენებლის 66.1%–ს შეადგენს.

დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოს მთლიანი საგადასახადო შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს.

2013 წლის იანვარ–სექტემბერში დღგ–ს სახით 2.05 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც მთელი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის, რომელიც 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 60.4%–ია. გასული წლის პირველ ცხრა თვეში დღგ–ს მთლიანი საპროგნოზო მაჩვენებლის 71%–ზე მეტი შეგროვდა.

პირველი ცხრა თვის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მთავრობა დაგეგმილზე ნაკლებს ხარჯავს.

იანვარ–სექტემბერში ხარჯებმა 4.38 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი 7.24 მილიარდი ლარის ოდენობის ხარჯების, დაახლოებით, 60.5%–ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია ერთის მხრივ, პოლიტიკური გაურკვევლობით გამოწვეულმა ინვესტორთა დაბალმა ნდობამ და მეორეს მხრივ, საბიუჯეტო ხარჯვის შემცირებამ, განსაკუთრებით კაპიტალური ხარჯების გაწევის კუთხით.

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი პოლიტიკური დაძაბულობის და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების გამო ვერ შესრულდა. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამას ნაწილობრივ შეუწყო ხელი კოორდინაციის ნაკლებობამ მთავრობის შიგნით საწყის ეტაპზე. თუმცა, მისი თქმით, მთავრობამ უკვე სრულად გადალახა კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა.

This post is also available in: English Русский

Back to top button