
ბაქრაძე მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს
ეგზით პოლის შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
თავის სატელევიზიო განცხადებაში ბაქრაძემ განაცხადა: „როგორც ოპოზიციის ლიდერი მე მზად ვიქნები გავაგრძელო მუშაობა მთავრობასთან იმისთვის ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და ხალხმა იცხოვროს უკეთ; როგორც ოპოზიციის ლიდერი, მე მზად ვიქნები ვიმუშაო ახალ პრეზიდენტთან და შევთავაზო მას თანამშრომლობა“.
„ცესკოს მიერ შედეგების დადასტურების შემდეგ, მე მზად ვიქნები ვაღიარო არჩევნების შედეგი და დავემორჩილო მას, როგორც ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას; ვულოცავ ბატონ მარგველაშვილს გამარჯვებას და მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა არჩევნებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც პარლამენტში უმცირესობის ლიდერია.
მისი თქმით, ეგზით პოლების შედეგებით გამოიკვეთა სურათი, რომ მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ერთწლიანი კამპანიისა, ყოველი მეოთხე ამომრჩეველი მხარს უჭერს მის პარტიას.
„ეს მოხდა იმ ფონზე… როდესაც პარტიის გენერალური მდივანი [ვანო მერაბიშვილი] იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვრჩებით ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა მან.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ რთულ პირობებშიც კი ოპოზიციამ შეიძლება ჩაატაროს პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახევი კამპანია, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ისტერიკისგან, ძალადობისგან, მთავრობის დამხობის მოწოდებებისგან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)