ახალი ამბები

პრაღაში აბაშიძის და კარასინის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 19 სექტემბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

ეს ორ დიპლომატს შორის მეოთხე შეხვედრა იყო იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრამ „კონსტრუქციულ და კეთილმოსურნე გარემოში ჩაიარა და მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებზე წინსვლაში დაეხმარა“.

ამავე განცხადების თანახმად, „არაფორმალური დიალოგის“ ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების „ნორმალიზებას“ ისახავს მიზნად იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია წინსვლა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა „პოზიტიური დინამიკა“ აღნიშნა ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში იმ ფონზე, როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინოები, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტები დაბრუნდა.

„ამავდროულად, რუსული მხარე სავიზო რეჟიმის ეტაპობრივ ლიბერალიზაციას ახორციელებს საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გაფართოების და კერძო მოწვევით რუსული ვიზების გაფორმების უფრო მოქნილი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, რაც პირველ რიგში ოჯახური და ნათესაური კავშირების მხარდაჭერას ისახავს მიზნად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მან თავის რუს თანამოსაუბრეს საქართველოს ხელისუფლების „ღრმა შეშფოთება“ გადასცა რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო და ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს არაფორმალური დიალოგი დამოუკიდებელ ფორმატს წარმოადგენს და მისი დღის წესრიგი არ ემთხვევა იმ საკითხებს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება.

ორმა დიპლომატმა ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარა ორმხრივი დიალოგის მომავალი პერსპექტივების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

აბაშიძის და კარასინის მომდევნო შეხვედრა დეკემბრისთვის დაიგეგმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button