ახალი ამბები

ეუთომ საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 27 ოქტომბრის არჩევნებამდე ექვსი კვირით სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად დაიწყო.

მისიის ხელმძღვანელია იტალიელი მატეო მეკაჩი, 2008-2013 წლებში იტალიის პარლამენტის წევრი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. იგი 2012 წლის მაისსა და სექტემბერში სერბეთსა და ბელარუსში არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი იყო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სხვადასხვა დროს აკვირდებოდა არჩევნებს მოლდოვაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, აშშ-ში, ყაზახეთში, თურქეთსა და რუსეთში. მეტეო მეკაჩი 2012 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის მოწვევით საქართველოს სტუმრობდა.

მისი თქმით, ODIHR–ის მისიამ 16 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით საქართველოში მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო, რომელთაც მომავალი კვირიდან 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, ხოლო არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე 300-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან, რათა დააკვირდნენ არჩევნების დღეს კენჭისყრის, ხმების დათვლისა და შეჯამების მიმდინარეობას.

მისია, რომელიც საქართველოში ნოემბრის დასაწყისამდე დარჩება, წინასაარჩევნო პერიოდში, დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს ერთი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას, არჩევნების მეორე დღეს წინასწარ შეფასებებს გააკეთებს, ხოლო არჩევნებიდან, დაახლოებით, რვა კვირაში საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს 27 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე, სადაც შეფასებული იქნება მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

მისიის თქმით, მისი დამკვირვებლები ჩვეულებრისამებრ თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, კანონმდებლობის შესრულებას, საარჩევნო დავების გადაწყვეტას და მედიის მიერ კამპანიის გაშუქებას.

„მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სადამკვირვებლო მისიის როლი, როგორც თავად სიტყვა გადმოსცემს, არის დაკვირვება  და დასკვნებზე ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელება, და არა თავად პროცესში ჩარევა ან მისი განსჯა. ჩვენ არ ვასრულებთ საარჩევნო პოლიციის როლს, და არც განვსაზღვრავთ იყო თუ არა არჩევნები ლეგიტიმური.“, – განაცხადა 19 სექტემბრის მისიის დაწყებასთან დაკავშრებით გამართულ პრესკონფერენციაზე მატეო მეკაჩიმ.

ODIHR-ი საქართველოში არჩევნებს 1999 წლიდან აკვირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button