ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად 13 სექტემბერს ტოივო კლაარი დაინიშნა ესტონეთიდან, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილებას კურირებდა.

2005 წელს ევროკომისიაში მუშაობის დაწყებამდე, კლაარი ესტონეთში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა, მათ შორის 1999–2001 წლებში იყო ესტონეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; თავდაცვის მინისტრის მრჩეველი; ის 1990-იან წლებში ესტონეთის საგარეო უწყებაში მუშაობდა, მათ შორის ბრიუსელში ესტონეთის ელჩის მოადგილედ.
 
2005-2010 წლებში იგი ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო ესტონეთში, რის შემდეგაც სათავეში ჩაუდგა ევროკომისიის იმ განყოფილებას, რომელიც ევროკავშირის ახალი დიპლომატიური სამსახურის (EEAS) ჩამოყალიბებას უწევდა კოორდინაციას. 2012 წლის მარტიდან იყო ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

კლაარი EUMM-ის რიგით მესამე ხელმძღვანელია მას შემდეგ რაც მისია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა საქართველოში. კლაარმა ამ პოსტზე პოლონელი ანდჟეი ტიშკევიჩი შეცვალა, რომელიც მისიას 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას წინ უსწრებდა სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის 2014 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელება – ამ პერიოდამდე მისიის ბიუჯეტი 26.65 მლნ ევროთი განისაზღვრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button