Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაციის წინასაარჩევნო შეფასებები

  • დემოკრატიულ არჩევნებს „პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს ევროატლანტიკურ მიზნებზე“;
  • მინარეთის დემონტაჟის ინციდენტი „უკიდურესად შემაშფოთებელია“;
  • „მედია გარემო უფრო თავისუფალია, ვიდრე უახლოეს წარსულში“;
  • თომას მელია: პრემიერ–მინისტრის დაგეგმილი გადაგომა ‘გარკვეულ ახალ პოლიტიკურ გამოწვევებს’ ქმნის.

მართალია გამოწვევები კვლავ რჩება, მაგრამ დაინტერესებულ მხარეებს შორის სახეზეა „მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, რომ საარჩევნო გარემო უფრო თავისუფალი და კონკურენტულია, ვიდრე ის ერთი წლის წინ იყო, განაცხადა აშშ–ის უწყებათაშორისმა დელეგაციამ, რომელიც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობის შეფასების მიზნით მიმდინარე კვირას საქართველოს ესტუმრა.

„მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ აჩვენოს თავისი დემოკრატული განვითარება და, შესაბამისად, წინ წაწიოს საკუთარი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებები“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიამ.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერი და თავდაცვის და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

„საარჩევნო გარემოს სამართლიანობის თაობაზე საშინაო და საერთაშორისო შეხედულებებს, მათ შორის კანონის უზენაესობის დაცვაზე, მედიის ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობაზე, პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მიზნებზე“, – განაცხადა მელიამ 11 სექტემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს პატრიარქთან და  სხვა აღმსარებლობის რელიგიურ ლიდერებთან მეთაურებთან.  

დემოკრატიული საარჩევნო პროცესის „ძირითად კომპონენტებს“ შორის დელეგაციამ დაასახელა თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და კამპანიის ძალადობის გარეშე წარმოება, მედიის თავისუფლება და ამომრჩევლებისთვის განსხვავებული შეხედულებების ხელმისაწვდომობა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა კონსტრუქციული ჩართულობა დაინტერესებულ მხარეებთან.

თანაბარი პირობების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას თომას მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო გარემომ ყველა პარტიას და კანდიდატს თავისუფალი და შეუფერხებელი მონაწილეობის პირობები უნდა შეუქმნას.

„მაშინ როდესაც გამოწვევები კვლავ რჩება, სახეზეა მნიშვნელოვანი კონსენსუსი, რომელიც მრავალი მხრიდან გამოიხატება იმის თაობაზე, რომ  პოლიტიკური გარემო საერთო ჯამში არის თავისუფალი და კონკურენტული, უფრო მეტადაც, ვიდრე ეს იყო 12 თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე“, – ნათქვამია დელეგაციის განცხადებაში, რომელიც მელიამ წაიკითხა.

ანალოგიური უწყებათაშორისი წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდეც სტუმრობდა.  

კანონის უზენაესობის და სამართლებრივი პროცედურების შესახებ დელეგაციამ განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულება და არჩევნებთან დაკავშირებული დავების მოგვარება „მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და პასუხისმგებლობით უნდა განხორციელდეს“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს „იმ წუხილებს, რომლებსაც უმცირესობები გამოხატავენ“.

„ჭელას და სამთაწყაროს ინციდენტები უკიდურესად შემაშფოთებელია და უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე, ვინაიდან ძირს უთხრის უმცირესობების თვითგამორკვევის გრძნობებს და თავისუფლებას, რომ თავად აირჩიონ პოლიტიკური კანდიდატი“, – განაცხადა მელიამ.  

გაზაფხულზე კახეთის რეგიონის სოფელ სამთაწყაროში ქრისტიანებმა გააპროტესტეს მუსულმანი თანასოფლელების ლოცვები მეჩეთად გადაკეთებულ სახლში. ამ შემთხვევისგან ჭელას ინციდენტი განსხვავდებოდა, სადაც  ხელისუფლებამ ადიგენის რაიონის ამ სოფელში მდებარე მეჩეთიდან ძალით აიღო მინარეთი და ამ ქმედების მიზეზად მინარეთის იმპორტირების დროს გამოვლენილი დარღვევები დაასახელა. მართალია მინარეთი დემონტაჟიდან ოთხ დღეში დააბრუნეს, მაგრამ ის სოფლის განაპირა დაასაწყობეს და აღარ აღმართეს. 11 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, მთავრობამ მოუწოდა ჭელას მუსლიმ მოსახლეობას მინარეთის აღმართვის ნებართვის მისაღებად შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს მიმართონ.

აშშ–ის დელეგაციამ ასევე მოუწოდა „ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს თავი შეიკავონ ძალადობრივი პროტესტისგან ან ძალადობის პროვოცირებისგან“.

„ამავე დროს, ჩვენ ვთხოვეთ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც უშიშროების ძალებს აკონტროლებენ, მათ შორის სპეცრაზმს, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ხელქვეითებმა  პატივი სცენ შეკრების თავისუფლებას და პროფესიონალურად და თავშეკავებულად იმოქმედონ“, – განაცხადა დელეგაციამ.

მედიის ხელმისაწვდომობის შესახებ დელეგაციამ განაცხადა, რომ მართალია „მედია გარემო უფრო თავისუფალია, ვიდრე უახლოეს წარსულში, მაგრამ გარკვეული წუხილები კვლავ რჩება“, მათ შორის იმის თაობაზე, რომ მედია საშუალებები დამოუკიდებელი რეკლამიდან დაფინანსების ნაკლებობას განიცდიან. 

ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების კონსტრუქციული ჩართულობის კუთხით, დელეგაციამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; კომისიას ამჟამად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, მანამდე კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა. დელეგაციამ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კომისიასთან „კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის და თანამშრომლობის“ სურვილი გამოთქვეს.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას; შეხვედრა 11 სექტემბერს ჟვანიას ამ პოსტზე არჩევიდან ცოტა ხანში გაიმართა.

თომას მელიამ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე იმედი გამოთქვა, რომ ახალი თავმჯდომარე საქართველოში ყველა შესაბამისი აქტორის მხარდაჭერას მოიპოვებს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

თამარ ჟვანიას კანდიდატურა პრეზიდენტს 11–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა და მან  ჟვანია, კიდევ ორ კანდიდატურასთან ერთად, ცესკოს წარუდგინა. ჟვანია ცესკოს წევრებმა ქართული ოცნებიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. 

წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა ჟვანიას არჩევას ამ თანამდებობაზე და განაცხადა: „თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

როდესაც თომას მელიას პრესკონფერენციის დროს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ–მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის გეგმებზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ეს განზრახვა სრულად შეესაბამება იმ განცხადებებს, რასაც ივანიშვილი 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლიდან აკეთებდა, რომ ის ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა. თუმცა, მელიამ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის დაგეგმილი გადადგომა „გარკვეულ ახალ პოლიტიკურ გამოწვევებს ქმნის“ საქართველოსთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button