ახალი ამბები

ბოკერია ევრაზიულ კავშირზე ივანიშვილის განცხადებას აკრიტიკებს

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ევრაზიულ კავშირზე არის მორიგი მთავრობის იმ ნაბიჯებს შორის, რომლებიც „სერიოზულ პრობლემებს“ უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას.

„მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი სერიოზულ პრობლემებს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიას. ამის უახლეს მაგალითად გამოდგება პრემიერ ივანიშვილის დღევანდელი სკანდალური განცხადება, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ევრაზიული კავშირი გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციის მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მათი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მოშლასა და მათ ქცევას რუსეთის სატელიტებად. ძალზე საგანგაშოა, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ აქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ზოგადად, ახალი სახელისუფლებო გუნდის კონცეფცია იმის თაობაზე, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ქართული სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ თანმიმდევრულ აგრესიას, არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა მან.

4 სექტემბერს პრესკონფრენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად საინტერესო იქნება საქართველოსთვის ევრაზიულ კავშირში შესვლა, ივანიშვილმა განაცხადა: „ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე  არა გვაქვს პოზიცია“.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ოთხშაბათს, რომ პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, მათ შორის ბოლოს 2 სექტემბერს საქართველოს ელჩების შეკრებაზე თბილისში, რომ „საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

„აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი სტრატეგია და ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენ“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევრაზიული კავშირის თემა აქტუალური არ არის. „აქტუალური არის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ნოემბერში ვილნიუსის სამიტამდე“, – დასძინა მან. 

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს. უნდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს, არამედ მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირი. რადგანაც ეს ჩვენს გვერდზე ხდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და უნდა ვნახოთ რა არის საინტერესო იქ…  ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მისი ურთიერთობა, როგორი იქნება მისი ევროკავშირთან ურთიერთობა. ევროკავშირიც ძალიან დაკვირვებით აკვირდება მოვლენებს და შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს, რადგანაც ვაჭრობა და ეკონომიკა არის გლობალური მცნებები“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან ასევე გააკრიტიკეს პრემიერ-მინისტრის განცხადება, როგორც  საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან  „გადახვევა“.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა გოკა გაბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა; მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას; მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა სერიოზულ განხილვაში არ არის და ეს იყო რუსეთთან გარკვეული კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება“. მის ამ სიტყვებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უპასუხა: „მინდა ბატონი გოკა გაბაშვილი ამ შემთხვევაში დავამშვიდო, რომ მისი პროგნოზი ნამდვილად მართალია, ბოლოში რაც ისაუბრა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასეა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button