skip to content
ახალი ამბები

ალასანია ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 21 აგვისტოს დანიშნულია მისი შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, პენტაგონის თანახმად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს შეხვედრა ბრიუსელში, ივნისის დასაწყისში ნატოს ISAF-ის მინისტერიალის ფარგლებში დაიგეგმა.

აშშ-ში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელს გენერალ ფრანკ გრასს შეხვდება; ასევე დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული უშიშროების საბჭოში, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში, საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოში; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე ესტუმრება ამერიკის ეროვნული თავდაცვის აკადემიას.

„ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხებს“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების 21 აგვისტოს პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

თავდაცვის მინისტრი ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.  

საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ასევე შედის გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, აშშ-ს 27 აგვისტოს დატოვებს.  

This post is also available in: English Русский

Back to top button