ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაბრკოლებების შექმნის გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატა „შეშფოთება“ რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეების და სხვა დაბრკოლებების აღმართვის გამო.

სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა 2 აგვისტოს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების განთავსება და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიწაყრილების და თხრილების მოწყობა, ასევე საზღვრის გადაკვეთის „უფრო შემზღუდავი  პროცედურების ტენდენცია“, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს.

განცხადების თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კვლავ გრძელდება დაკავებები.

„დაბრკოლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე  ახდენს გავლენას, რადგან იგი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს არღვევს და საზოგადოებას ყოფს“,  – განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ ფიშერმა. „გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები უფრო და უფრო ზღუდავს ადამიანებს შორის შესაძლო კონტაქტს, რომელიც მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი კომპონენტია“.

მისიამ ასევე განაცხადა, რომ იგი „გააგრძელებს ამ სადავო მიდამოების პატრულირებას მიმდინარე მოვლენების ზუსტი და ფაქტობრივი შეფასების მიზნით“.

„მისია ასევე გააგრძელებს ცხელი ხაზის და ყველა სხვა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის გამოყენებას, რათა ყველა მხარეს მოუწოდოს განსაზღვრონ და განიხილონ პრობლემების ადგილზე მოგვარების გზები, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედებს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button