
საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი პროცედურები დაიწყო
პარლამენტმა 26 ივნისს მხარი დაუჭირა სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
საერთო-სახალხო განხილვა ფორმალური პროცედურაა, რის შემდეგაც ინიციატივის განხილვისა და მიღების ეტაპი იწყება საკანონმდებლო ორგანოში.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სამ დამოუკიდებელ კანონპროექტს მოიცავს, მიზნად ისახავს რიგი შესწორებების შეტანას, ძირითადად, 2010 წლის შემოდგომაზე მიღებულ იმ ახალ საკონსტიტუციო დებულებებში, რომლებიც 2013 წელს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.
წარმოდგენილი ცვლილებები ეხება პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საპარლამენტო კონტროლის შენარჩუნებას, რათა პრემიერს აღარ მიენიჭოს უფლება პარლამენტთან შეუთანხმებლად შეცვალოს კაბინეტის მინისტრების 1/3-ზე მეტი; ბიუჯეტის კანონის მიღებასთან და მასთან დაკავშირებულ პარლამენტის შესაძლო დათხოვნის პროცედურებს; კონსტიტუციის გადასინჯვისთვის ამჟამად დადგენილი 2/3-იანი კვორუმის (100 ხმა) შენარჩუნებას, რათა წლის ბოლოს აღარ ამოქმედდეს 3/4-იანი კვორუმი (113 ხმა); და ასევე უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, ახალი საკონსტიტუციო დებულებების ამოქმედების ვადად განისაზღვრება „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტი“. ამჟამად ამოქმედების ვადად მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს „მორიგი“ და ის აუცილებლად „ოქტომბერში“ უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ნაკლებად რეალურია, ვეღარ ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე.