ახალი ამბები

პარლამენტმა პირველ ტურში იუსტიციის საბჭოს ვერცერთი წევრი ვერ აირჩია

პარლამენტმა 12 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრების შედეგად 29 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია პირველივე ტურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელშიც არსებული ექვსი არამოსამართლე წევრისთვის გამოყოფილი ადგილისთვის მეორე ტურში, რომელიც პარასკევს შედგება, 12 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას.

ფარული კენჭისყრის გზით კანდიდატების პირველი ტურში არჩევას ხმათა 2/3 ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთა ხმებიც საჭირო იყო 100 ხმის დასაგროვებლად, კენჭისყრაში მონაწილეობაზე საერთოდ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ქართული ოცნების უმრავლესობასთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული იმ ათ კანდიდატზე, რომლებიც მათ კონსულტაციებისთვის წარუდგინეს ოპონენტებს.  

კენჭისყრის შედეგად, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერმა დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, მეორე ტურში გადავიდა შემდეგი 12 კანდიდატი: გოჩა მამულაშვილი – წარმდგენი კავკასიის უნივერსიტეტი (90 მომხრე, 1 წინააღმდეგი); ნინო ბაქაქური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი); ვახტანგ თორდია – საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი (88 მომხრე 2 წინააღმდეგი); ევა გოცირიძე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (87 მომხრე 1 წინააღმდეგი); ეკატერინე გასიტაშვილი – ადვოკატთა ასოციაცია (86 მომხრე 2 წინააღმდეგი); კახაბერ სოფრომაძე – თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია (85 მომხრე 11 წინააღმდეგი) – ამ ექვსმა კანდიდატმა ქართული ოცნების დეპუტატების ყველაზე მეტი ხმა დააგროვა; ასევე ლევან ხეცურიანი – ტექნიკური უნივერსიტეტი (70 მომხრე 2 წინააღმდეგი); მამუკა სონღულაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტი (58 მომხრე 12 წინააღმდეგი); გია მეფარიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (46 მომხრე 18 წინააღმდეგი); მადი ჩანტლაძე – კონსტიტუციური უფლებათა დაცვის ცენტრი (43 მომხრე 3 წინააღმდეგი);  როინ მიგრიაული – საქართველო ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (38 მომხრე 11 წინააღმდეგი); დავით სულაქველიძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (34 მომხრე 7 წინააღმდეგი).

კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებენ, თუმცა ამ კვორუმით შესაძლებელია აირჩეს არაუმეტეს 4 წევრი; 2 წევრი კი აუცილებლად 2/3-ის უმრავლესობით უნდა იქნას არჩეული. თუ მეორე ტურის გამართვის შემდეგ ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება მესამე ტური, რომლის უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში 70 დღის განმავლობაში ხელახალი არჩევნები გაიმართება. 

თავდაპირველად იურისტთა აკადემიურმა წრეებმა, იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პარლამენტს იუსტიციის საბჭოში ასარჩევად 44 კანდიდატურა წარუდგინეს, საიდანაც იურიდიულმა კომიტეტმა დასაშვებად მიიჩნია 35 კანდიდატურა, რომელთა შესახებ საპარლამენტო ფრაქციებმა გასულ კვირას იმსჯელეს.

თუმცა დღევანდელი კენჭისყრის წინ ცნობილი გახდა, რომ 35 კანდიდატიდან 6-მა მოხსნა თავისი კანდიდატურა.

საბოლოოდ, კენჭისყრაში მონაწილე 29 კანდიდატს შორის, რომლებიც მეორე ტურში გასულ 12 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ შედარებით დაბალი მხარდაჭერის გამო, ასევე იყვნენ:  მალხაზ ბეგიაშვილი – წარმდგენი საქართველოს უნივერსიტეტი; ინგა ბერიძე – საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის; ირაკლი ბრეგაძე – მედია კავშირი „ობიექტივი“; გიორგი გოგიაშვილი – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი; ვასილ გონაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი თევზაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია; გიორგი თუმანიშვილი – ილიას უნივერსიტეტი; დავით კერესელიძე – კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო;  ირმა მახათაძე – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ირმა მერებაშვილი – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“; ცისმარ ონიანი – ადვოკატთა ასოციაცია;  მაია სულხანიშვილი – ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია; ბექა ქანთარია – საქართველოს უნივერსიტეტი; მორის შალიკაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი; მარიამ ცისკაძე – საქართველოს უნივერსიტეტი;  კახა წიქარიშვილი –  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი;  ნაზიბროლა ჯანეზაშვილი – ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო.   

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევი არამოსამართლე წევრების გამოსავლენად მეორე ტური პარლამენტში პარასკევს გაიმართება, რის შედეგადაც დეპუტატები შეეცდებიან 15-წევრიან საბჭოში შეავსონ ის ექვსი ადგილი, რომელიც სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე პარლამენტის 4 წევრისა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრისთვის იყო განკუთვნილი. 

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის არსებული ვაკანტური ადგილები მოსამართლეთა კონფერენციამ 9 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად შვიდივე წევრით შეავსო. ამასთან, საბჭოში ადგილები შეინარჩუნეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, რომელსაც თანამდებობრივად ეკუთვნის წევრობა და ერთმა მოსამართლე წევრმა, რომელიც ახალი წესებით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძირითადი გადაწყვეტილებები, როგორიცაა დისციპლინარული საკითხები და ახალი მოსამართლეების დანიშვნა, სრული შემადგენლობის 2/3-ით ანუ 10 ხმით მიიღება. სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭო გადაწყვეტილებებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button