ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს იუსტიციის საბჭოს ახალ წევრებს აირჩევს

9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველი ორგანოა, ახალი წესების მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდ ახალ მოსამართლე წევრს ფარული კენჭისყრით, ხმათა 2/3-ით დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ აირჩევს.

იმავდროულად, პარალელური პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში, სადაც ფრაქციები დეპუტატების მიერ ასარჩევ იმ 35 კანდიდატზე მსჯელობენ, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვს ადგილზე ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს იურისტთა აკადემიურმა წრეებმა; იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინეს.

15-წევრიან იუსტიციის საბჭოში თანამდებობას შეინარჩუნებენ ერთი მოქმედი მოსამართლე წევრი, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილ ახალი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელიც თანამდებობრივად შედის და ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – ორგანოს, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნომინირება თავად მოსამართლეეებს შეეძლებათ განსხვავებით, ადრე მოქმედი წესისგან, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გააჩნდა კანდიდატების წარდგენის ექსკლუზიური უფლება.

მოსამართლეთა კონფერენციის შეკრებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 5 ივნისს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა და კონფერენციას დასამტკიცებლად გაუგზავნა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი, რომელიც კონფერენციამ ახალი წევრების არჩევნების დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

ამ პროექტს მხარი არ დაუჭირეს იუსტიციის მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრმა სამმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და შალვა შავგულიძემ, რომლებიც საკუთარი ალტერნატიული პროექტის წარდგენას გეგმავენ მოსამართლეთა კონფერენციისთვის.

ეს ალტერნატივა შეეხება იმ სამი კანდიდატის ნომინირების წესს, რომელთათვისაც კანონი აწესებს შესაძლებლობას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობას შეუთავსონ პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეების თანამდებობები.

ქართული ოცნების დეპუტატები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიუხედევად იმისა, რომ ამ სამ წევრს ცალკე ეყრება კენჭი, ამ თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება უნდა ჰქონდეს უკლებლივ ყველა მოსამართლეს და არა მხოლოდ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, რომელთა რიცხვიც სულ 11-ია საქართველოში. დეპუტატების თქმით, რეგლამენტის პროექტით დადგენილი ეს წესი „დისკრიმინაციულია“, რადგან „უსამართლოდ აყენებს მოსამართლეთა მცირე ჯგუფს აშკარად უპირატეს მდგომარეობაში ყველა სხვა მოსამართლის მიმართ“, რომელთა რაოდენობაც 229-ს შეადგენს.

მოსამართლეთა კონფერენციას წინ უძღოდა ასევე მიმდინარე კვირაში ურთიერთბრალდებების გაცვლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შორის. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კუბლაშვილი მოსამართლეებს სასტუმროებში ფარულად ხვდება მოსამართლეთა დაგეგმილ კონფერენციაზე სასაუბროდ. ბრალდებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საპასუხო ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ პროკურორები მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრებს მართავენ მოსამართლეთა კონფერენციის წინ, რაც მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევაა. ურთიერთბრალდებების წარდგენისას მხარეებს შესაძლო ფარულ შეხვედრებში მონაწილე პირები არ დაუსახელებიათ.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, მოუწოდა როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს „არ ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და არ შექმნან გაუმართლებელი რისკები მოსამართლეთა მიერ დაუბრკოლებელი არჩევანის გაკეთებისათვის“.

ამასთან კოალიციამ გაჟღერებულ ურთიერთბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებთან მსგავსი კომუნიკაციების ფაქტები შესწავლილ იქნას, რათა დადასტურების შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდეს, რადგან „ყოველგვარი ასეთი ქმედება აღიქმება როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა“.

ამასთან, 5 ივნისს მოსამართლეთა დაგეგმილი კონფერენციის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ეძლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობა.

„ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის რომ ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი გახდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არჩევნებში გარეშე, თუ შიდა ძალების ჩარევა, ხოლო თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა ელჩმა ნორლანდმა.

28 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაუშვებელია გარე ჩარევა იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევის პროცესში, რათა „სასამართლო სისტემამ ჩაურევლად  დაიწყოს არსებობა და განვითარება“.

მსგავსი/Related

Back to top button