ახალი ამბები

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 5 ივნისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა – ეს უკვე მესამე შეხვედრა იყო ორ დიპლომატს შორის იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

„ზოგადად კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს წყალობით შესაძლებელი გახდა მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებზე წინ წაწევა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 ივნისს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით იქნება შეთანხმებული.

„გაგრძელდა არაფორმალური დიალოგი რუსულ–ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების გზების თაობაზე იმ მიმართულებებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„აღინიშნა პოზიტიური დინამიკა მთელი რიგი საკითხების პრაქტიკულ მოგვარებაში ურთიერთქმედების ძირითად შეთანხმებულ მიმართულებებზე (ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ–ჰუმანიტარული სფერო, მეცნიერება და ჯანდაცვა). ითქვა, რომ ამა წლის მაისში რუსეთის ფედერაციაში ქართული მინერალური წყლის მიწოდება დაიწყო, ხოლო ამა წლის ივნისში ქართული ღვინის პროდუქციის პირველი პარტიის მიწოდება იგეგმება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მიწოდების განახლების თაობაზე. კონკრეტული პოზიტიური წინსვლა შეინიშნება ტრანსპორტის სფეროში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ 1 ივნისიდან ყაზბეგი- ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი მუშაობის 24–საათიან რეჟიმზე გადავიდა, ხოლო „უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები რეგულარული სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე“.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებას, არსებითად იზრდება კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ღონისძიებები თითოეული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ბოლო ნახევარი წლის მანძილზე ამ მიზნებისთვის 25%–ზე მეტი ვიზა გაიცა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, „იხსნება დაბრკოლებები საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გასაფართოვებლად“.

„გრძელდება მუშაობა, რათა უფრო მოქნილი მიდგომა იქნას შემოღებული რუსული ვიზების გასაფორმებლად კერძო მიწვევებით, მათ შორის ოჯახური და ნათესაური კავშირების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„კარასინი და აბაშიძე მიესალმნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე, და ხაზი გაუსვეს ორივე მხარის ძალისხმევის მნიშვნელობას მათი წარმატებული ჩატარების თვალსაზრისით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აბაშიძემ ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნახსენები.

ე.წ ‘საზღვრის მოწყობა’

შეხვედრის დროს აბაშიძემ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესის საკითხიც დააყენა, რომლის ფარგლებშიც რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს ავლებენ და რის შედეგადაც, როგორც თბილისი აცხადებს, საოკუპაციო ხაზმა ბევრ ადგილას საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოიწია.

თუმცა, პრაღაში ამ საკითხის არსებითი განხილვა არ შემდგარა, როგორც ამის თაობაზე ორივე მხარემ აღნიშნა. აბაშიძესა და კარასინს შორის დიალოგის ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების იმ სფეროების, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, დასარეგულირებლად ჩამოყალიბდა, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, ხოლო უსაფრთხოებასა და სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები ჟენევის დისკუსიების ფორმატში განიხილება.

თბილისის პოზიციაა, რომ არ მოხდეს კარასინი–აბაშიძის ფორმატის ასოცირება ჟენევის მოლაპარაკებებთან, რათა არ დაკნინდეს ამ მრავალმხრივი დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეების ხელშეწყობით იმართება. კარასინი ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია.  

„მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი შეხვედრების არსებული ფორმატის დამოუკიდებელი ხასიათი და შეთანხმებული დღის წესრიგის დაცვის აუცილებლობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „ამასთან ერთად, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ ოსეთის–საქართველოს საზღვრის რაიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთის წარმომადგენელმა, შესაბამისი განმარტების მიცემის შემდეგ, განაცხადა, რომ ამ ტიპის საუბარი ამ თემაზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია მოსალოდნელი ივნისის ბოლოს“. 

„შეხვედრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დავუდასტურე ქართული მხარის ღრმა შეშფოთება ბოლო ხანს ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და უაღრესად უარყოფითად აღიქმება მთლიანად საქართველოს მოსახლეობის მიერ და ზოგადად ქმნის უარყოფით ფონს ჩვენი დიალოგისათვის“, – განაცხადა აბაშიძემ. 
 
„ბატონმა კარასინმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება ზომები ვითარების შესასწავლად და საკითხი საგნობრივად იქნება განხილული ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მორიგ რაუნდზე ჟენევაში, ივნისის ბოლოს“, – აღნიშნა მან.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი

შეხვედრის შემდეგ კარასინმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“, რომ რუსეთი კვლავ დაჟინებით ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ის არაკანონიერს ხდის თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლას.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი 17 მაისს პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, თბილისის მიერ უკონტროლო საზღვრებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, რაც გულისხმობს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ცვლილებების მიხედვით, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, სულ ცოტა 800 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გზით; ამასთან, შემსუბუქდება დამამძიმებელ გარემოებებში (ჯგუფურად; ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრებულის მიერ) ჩადენილი ამ ქმედებისთვის არსებული სასჯელი და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მოსამართლეს ექნება საშუალება პირს დააკისროს სულ ცოტა 800 ლარის ჯარიმის გადახდა. არსებული წესით, დამამძიმებელ გარემოებებში პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პატიმრობა, რომლის ვადაც 3-დან 5-წლამდეა.

აბაშიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების კანონის საკითხი ერთ–ერთი ის თემაა, რომელიც „წითელი ხაზების“ ქვეშ ექცევა და არ განიხილება ორმხრივი შეხვედრების დროს.

„მთავარი, რაც ჩვენი ტურისტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასვლის გამო. თუნდაც იგულისხმებოდეს განმეორებითი სტუმრობა. ჩვენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ჩავთვლიდით ამ კანონის გაუქმებას“, – განაცხადა კარასინმა.

„ოკუპირებული ტერიტორიების კანონების მიმართ მათი დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულებაც ცნობილია. ჩვენ თავიდანვე მოვნიშნეთ წითელი ხაზები ე.წ., რაზეც ვერ ვსაუბრობთ ჯერ-ჯერობით. [ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის] გაუქმებას არ განვიხილავთ. ეს არ არის ჩვენი დიალოგის თემა. ჩვენ საუბრის დროს ყველაფერი შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ განხილვის თემა ეს არ არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button