ახალი ამბები

ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით



კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით პოლიციის კორდონს არღვევენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ გაიკვლიონ გზა და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია ჩაშალონ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ორ სასულიერო პირს 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით წაეყენა ბრალი მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, აცხადებს შსს 23 მაისს.

ორ სასულიერო პირს ბრალი დაკავების გარეშე წარუდგინეს.

კერძოდ, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას მიმართ, შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს მუხლის ეხება შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ასევე 4 სამოქალაქო პირი, რომლებიც სასამართლომ 21 მაისს ხულიგნობის გამო 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button