
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი 17 მაისს პირველი მოსმენით მიიღო, რაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
კენჭისყრას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში საკანონმდებლო პაკეტის განხილვები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა მის მიღებას და ამისთვის რეგლამენტის მინიჭებულ ყველა საშუალებას იყენებდა განხილვის პროცედურების გასაჭიანურებლად.
ცვლილებების მიხედვით, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, თბილისის მიერ უკონტროლო საზღვრებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, რაც გულისხმობს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ცვლილებების მიხედვით, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, სულ ცოტა 800 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გზით; ამასთან, შემსუბუქდება დამამძიმებელ გარემოებებში (ჯგუფურად; ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრებულის მიერ) ჩადენილი ამ ქმედებისთვის არსებული სასჯელი და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მოსამართლეს ექნება საშუალება პირს დააკისროს სულ ცოტა 800 ლარის ჯარიმის გადახდა. არსებული წესით, დამამძიმებელ გარემოებებში პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პატიმრობა, რომლის ვადაც 3-დან 5-წლამდეა.
ხანგრძლივი განხილვების ბოლო ეტაპზე დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან შესთავაზეს ოპონენტებს ქართული ოცნებიდან, რომ ერთიანი სადამსჯელო რეჟიმი დაწესდეს საზღვრის ყველა მონაკვეთის დარღვევის მიმართ.
ამ საკითხზე ნაციონალურ მოძრაობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს საღამოს, კენჭისყრის წინ გააკეთა. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საზღვრის დარღვევისთვის ერთიანი სამართლებრივი რეჟიმის შემოღებაზე საზღვრის ყველა მონაკვეთის „შემთხვევით და გაუფრთხილებლობით დარღვევის“ შემთხვევაში.
უსუფაშვილის თქმით, ამ თემაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საჭირო იქნება ცალკე კანონპროექტის ინიცირება, რითაც ყველა ის პრობლემა შეიძლება „ამოწურულად ჩაითვალოს“, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის განხილვას ახლდა თან პროცედურული თვალსაზრისით.
დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილი მიესალმა ამ შემხვედრ ნაბიჯს.
„ჩვენი მხრიდანაც დიდი მოლოდინია, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს მაინც არ დაუჭერდა.