ახალი ამბები

ივანიშვილი ნატოზე და რუსეთთან ურთიერთობებზე

სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება, ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები „მოხერხებადია“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მაისს.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და მეორე მხრივ, ნატოს წევრობისკენ სწრაფვას, ივანიშვილმა უპასუხა: „მე დაჟინებით გავიმეორებ, რომ ორივეს გავაკეთებთ; იმასაც მივაღწევთ და იმასაც მივაღწევთ“.   

მისი თქმით, ევროპაში „ამის პრეცედენტები ძალიან ბევრია“ და „ამას არ უნდა შევხედოთ აგრესიულად, რომ როგორ ბედავს რუსეთი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია“.

„რუსეთს ასეთი დამოკიდებულება ბევრი ევროპის ქვეყნების მიმართაც ჰქონდა – გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევა „უფრო დაძაბულია“ და განსხვავებული სხვა შემთხვევებისგან, მაგრამ „ეს წარმოუდგენელი არ არის“.

„რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის მოხდეს დაახლოება – ასეთ შემთხვევაში საერთოდ მოიხსნება ეს ჩვენი პრობლემა; მაგრამ რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია და ჰქონდა სხვა სახელმწიფოების მიმართაც; მოახერხეს სხვებმა და რატომ არ შეიძლება ჩვენც მოვახერხოთ? ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ჩემი აზრით, რამეთუ წინა ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები რიტორიკის დონეზე, რომ აღიზიანებდა ‘აი, მე ნატოში შევალ’, ლამის ემუქრებოდა რუსეთს", – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „ნატოს წევრი ჩვენ უკვე ვიქნებოდით, თუ არა ეს რიტორიკა, ეს გამძაფრებული, ეს პიონერული და კომკავშირული გამოხტომები“ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.

კითხვაზე აქვს თუ არა მას რაიმე „კომპრომისული“ გამოსავალი რომ რუსეთს შესთავაზოს, ივანიშვილმა უპასუხა: „მე ვერ ვხედავ რა უნდა დავთმოთ, არაფერი აღარ გაგვაჩნია, რომ დავუთმოთ“.

„ჩვენ უნდა ტერიტორიებიც დავიბრუნოთ –  ეს ჩვენ გვეკუთვნოდა, ნატოშიც უნდა შევიდეთ, რუსეთთანაც უნდა ვიმეგობროთ და ყველაფერს ამას მოვახერხებთ და მოხერხებადია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„გააცნობიერებს ამას და აცნობიერებს ალბათ რუსეთის ხელისუფლებაც, რომ სეპარატისტული ტერიტორიები არც მათთვის არ არის სასარგებლო… და არც ნატოში ჩვენი შესვლა რუსეთს არ დაღუპავს და არ დააქცევს… ამას ნელ-ნელა გავიაზრებთ ყველაფერს და დავალაგებთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ ამ პროცესს დრო სჭირდება. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ მის მთავრობას აქვს „ამბიცია“, რომ 2014 წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს.  

თუმცა, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს ამ საკითხზე ბევრი საუბარი და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, რათა პროცესს ზიანი არ მიაყენოს.   

„მე გაკეთება და ჩვენება უფრო მიყვარს, ვიდრე ზედმეტი დაპირებები; გვაქვს ამის ამბიცია. მე მგონი, რომ ობიექტური ამბიცია გვაქვს და მოვახერხებთ რეალურად“, – განაცხადა მან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიგა ბოკერიამ განაცხადა აპრილის ბოლოს, რომ ის მოსაზრება, რომ საქართველო გაიმარტივებს ნატოში ინტეგრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, მცდარია და ხელისუფლებამ პირველ რიგში ნატოში ინტეგრაციაზე უნდა მიმართოს ძალისხმევა. 

„ამას მივესალმები, ვთვლი, რომ ამის გარშემო უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული და ეს გზა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც თვითონ [ახალი ხელისუფლება] რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეძახიან“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“  30 აპრილს.

სოჭის ოლიმპიური თამაშები

კითხვაზე დაესწრება თუ არა ის 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებს, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაპატიჟებს, ივანიშვილმა უპასუხა: „არ ვიცი, სხვათა შორის პასუხი არ მაქვს“.

„რაც შეეხება მიწვევას, მიწვევა არ მიმიღია და მივიღებ თუ არა ეგეც არ ვიცი. წავალ თუ არა, ალბათ არც ეგ არ ვიცი. ვნახოთ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები და რამდენად საშუალება და დრო მექნება, აქედან გამომდინარე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„არაფერს არ გამოვრიცხავ შესაძლებელია, რომ წავიდე კიდეც, მაგრამ დღეს არა მაქვს საფუძველი, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი სოჭის ოლიმპიადამდე. 

„შვიდ თვეში შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. თუ ძალიან პოზიტიურად განვითარდა, ვთქვათ, ჩვენი დამოკიდებულება, მოწვევაც მივიღე ან მოწვევის გარეშეც შეიძლება წასვლა“, – განაცხადა მან.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2 მაისს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე.

უცხოური ვიზიტები
 
იმავე პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, როდის აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს.  ივანიშვილმა უპასუხა, რომ უცხოური ვიზიტების განხორციელება მისი მიზანი არ არის, რადგანაც ქვეყანაშიც ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. „უცხოური ვიზიტები არ არის გადამწყვეტი [ფაქტორი]“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მას აქვს მიწვევები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, თუმცა იგი არ ჩქარობს ამ ვიზიტების განხორციელებას. მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში ვიზიტს აპირებდა, თუმცა „გადაიფიქრა“.

მისი თქმით, უცხოურ ვიზიტებთან დაკავშირებით „პრობლემა არ არსებობს“.

„მე ვფიქრობ, რომ აქცენტი, რომელიც არასწორად ჰქონდა გადატანილი წინა ხელისუფლებას და ძირითადად წინა ხელისუფლება იყო ანგარიშვალდებული საზღვარგარეთ ევროპელებთან და ამერიკელებთან და იგნორს აკეთებდა ქართველი საზოგადოების. მე ასე არ ვთვლი. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო გვაქვს დასალაგებელი საქმეები“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი ბერლინს ალბათ ეწვევა გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ.

აშშ–ის ვიზიტთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მას ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. „ჩემი სურვილია, მაქსიმალურად კარგად ვაჩვენოთ ჩვენი სახე, განსაკუთრებით ამერიკელებს, ქვეყანას, რომელიც სტრატეგიულად ჩვენი პარტნიორი და დამხმარე ქვეყანაა“, – განაცხადა ივანიშვილმა კონკრეტიკის გარეშე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button