მარგველაშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა
პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც მისგან მარცხნივ მოჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენს; მარჯვნივ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დგას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ერთხელ პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა „მეგობრად“ და „ყველაზე სამაგალითო“ მინისტრად მოიხსენია, კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
განცხადება ამის თაობაზე შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, კოალიციამ მარგველაშვილის კანდიდატურა "ერთხმად" შეარჩია.
43 წლის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო 2000–2006 წლებში და შემდეგ 2010–2012 წლებში, სანამ ივანიშვილის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებდა, ქართული ოცნების პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მედია საშუალებებში ხშირად სახელდებოდა.
განათლების მინისტრობასთან ერთად, თებერვალში მარგველაშვილი დააწინაურეს და იგი ვიცე–პრემიერი გახდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ–მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირველი ვიცე–პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა; იმ დროს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ალასანია იმის გამო ჩამოაქვეითა, რაც ალასანიამ თავის პარტიასთან და პრემიერ–მინისტრის ზურგს უკან საკუთარი პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა დაიწყო და ამით არასახარბიელო ხმების გავრცელება გამოიწვია.
ახალი საკონსტიცუციო მოდელი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვნად გაზრდის პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებას პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე.
"გიორგი მარგველაშვილს აქვს ჭარბად ყველა თვისება იმისთვის, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
კანდიდატის დასახელებისას ივანიშვილის გვერდით ასევე იდგნენ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. იქვე იმყოფებოდა თავად გიორგი მარგველაშვილი.
"ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თანაც ამ პოსტზე, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად", – განაცხადა ივანიშვილმა.
"განათლება, მეცნიერება, კრეატიულობა, კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია გიორგი, მენეჯმენტი, კარგი პრაქტიკა აქვს გავლილი, ამაშიც გამოცდილია, პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსია, კარგია ექსპერტია", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
"ყველაზე მეტად სადაც რა გამიჭირდება, გიორგის ვეძახი და ვეკითხები აუცილებლად, 2–3 კაცი მყავს ასეთი, ვისთანაც ნებისმიერ საკითხზე შემიძლია საუბარი", – დასძინა მან.
„მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ და ვფიქრობ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დემოკრატია ჯერ კიდევ მყიფეა… ჩვენს გუნდს აქვს დიდი ამბიცია, რომ საქართველო ჭეშმარიტ დემოკრატიად ჩამოვაყალიბოთ და ასეთი პრეზიდენტი იქნება ძალიან მისაღები მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ძალიან მოკლე დროში დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არიან ევროპელები და ჩვენ ვიმსახურებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა… ზუსტად ასეთი პრეზიდენტი გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ასეთი ამბიცია გვქონდეს“.
ამ განცხადების გაკეთებამდე პრემიერ–მინისტრი და კოალიციის სხვა ლიდერები, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობდნენ, რის შემდეგაც ქართული ოცნების დეპუტატებთან გაიმართა შეხვედრა.
თხოვნაზე, რომ სხვა პოტენციური კანდიდატებიც დაესახელებინათ, რომელთა შორისაც მარგველაშვილის კანდიდატურა შეირჩა, ივანიშვილმა უპასუხა: „მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე იყო მსჯელობა“.
კითხვაზე იყო თუ არა პოტენციურ კანდიდატებს შორის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა, ივანიშვილმა უარყო ამგვარი რამ და დასძინა: „ირაკლი ალასანიას აქვს ძალიან კარგი დავალება, მას აქვს ძალიან კარგი თანამდებობა, ძალიან ძლიერ სამინისტროს ხელმძღვანელობს; მე და ირაკლის გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა მომავალი წლისთვის, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს“.
ივანიშვილი, სავარაუდოდ, იმ ამოცანას გულისხმობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა და რომელიც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებას გულისხმობს ალიანსის მომავალი წლის სამიტზე.
ალასანია, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა, განაცხადა, რომ იგი „სრულად უჭერს“ მხარს მარგველაშვილის კანდიდატურას.
„მე მართლაც მგონია, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი და მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, ხომ არ სწყდება გული, რომ არ დასახელდა კანდიდატად, ალასანიამ უპასუხა: „არ იყო ჩემზე საუბარი შიგნით, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია კარგა ხანია კოალიციის ლიდერმა იცოდა; ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეული თანმიმდევრულობით უნდა დავასრულო თავდაცვის სამინისტროში ის რეფორმები, რაც დავიწყეთ“.
პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსჯელობის საწყის ეტაპზე არც თუ ისე ცუდი იდეა გაჩნდა, რომ ეთნიკური აფხაზი შეერჩიათ საპრეზიდენტო კანდიდატად.
ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ განაცხადა, რომ კანდიდატს პრამერის გზით შეარჩევს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის შანსებზე საუბრისას, ივანიშვილმა განაცხადა 11 მაისს: „საუბედუროდ, ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი წევრი ვერ იქნება კონკურენტი ჩვენი კოალიციის წარმომადგენლის, მითუმეტეს გიორგის“.
„თუ დამოუკიდებელი კანდიდატები წამოაყენებენ კანდიდატურებს – და ქართველებს ისე გვიყვარს თანამდებობები, რომ ბევრი წამოაყენებს – ნაციონალური მოძრაობა დარჩება ბოლო ადგილზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუ ვინ შეცვლის მარგველაშვილს განათლების მინისტრის პოსტზე. კანონმდებლობით მას არ ეკისრება ვალდებულება, რომ განათლების მინისტრის პოსტი დატოვოს მაშინაც, როცა ის ოფიციალურად დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი 60 დღით ადრე გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს. კანონმდებლობა საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატების სამსახურიდან დათხოვნას ან მათ სხვა თანამდებობაზე გადაყვანას კრძალავს, თუ ამაზე თავად კანდიდატები არ იქნებიან თანახმა.
90–იანი წლების დასაწყისში მარგველაშვილი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი აქვს ფილოსოფიაში, შპს "კავკასუს თრეველის" სამთო გიდის თანამდებობაზე მუშაობდა. 1995 წელს იგი აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ– დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი გახდა და ამ თანამდებობაზე იმუშავა, სანამ 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გახდებოდა.
მარგველაშვილი პირდაპირ არ ყოფილა ჩართული ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში 2012 წელს; თუმცა იგი ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების ხშირი სტუმარი იყო და ივანიშვილს და მის კოალიციას უჭერდა მხარს. არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა მარგველაშვილს მინისტრის პოსტი შესთავაზა.
მარტში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარგველაშვილის, როგორც განათლების მინისტრის, საქმიანობა დადებითად რესპონდენტების 29%–მა შეაფასა, რაც ბევრად ჩამოუვარდება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის რეიტინგებს, რომელთაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს. კიდევ ხუთ სხვა მინისტრს აღმოაჩნდა, ამ კვლევის თანახმად, მარგველაშვილზე უკეთესი რეიტინგები.
განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობისას პირველი სერიოზული გამოწვევის წინაშე მარგველაშვილი მარტში დადგა, როდესაც იგი უმაღლესი სასწავლებლის საქმეებში პოლიტიკურ ჩარევაში დაადანაშაულეს, როდესაც მისმა სამინისტრომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერა. ავტორიზაცია უნივერსიტეტს მას შემდეგ აღუდგა, რაც სამინისტრომ განაცხადა, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა ის ხარვეზები, რისთვისაც მას ავტორიზაცია შეუჩერდა.
აპრილში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი სამინისტრო ქვეყნის 650 000 სკოლის მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოებს დაურიგებს მომავალი სასწავლო წლიდან. თუმცა, ამ ნაბიჯს უთანხმოება მოყვა, რადგანაც გამომცემლებმა განაცხადეს, რომ ეს სქემა სამინისტრომ იმ გზით შეიმუშავა, რაც სერიოზულ ფინანსურ დარტყმას აყენებს საგამომცემლო ბიზნესს; ოპონენტებმა მარგველაშვილი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან ეს პოპულისტური ნაბიჯი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით გადადგა – ეს ბრალდება განათლების სამინისტრომ უარყო და განაცხადა, რომ პროგრამა გამომცემლებთან არსებული კონტრაქტების დარღვევის გარეშე გაკეთდა.
სულ ბოლოს მარგველაშვილი მას შემდეგ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც მან შრომის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები გააკრიტიკა და მას ბიზნესისთვის „კოშმარი“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)