ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეცვლა 2014 წლიდან იგეგმება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 2014 წლის 1 იანვრიდან სრულად განახლდება მას შემდეგ, რაც არსებული 15 წევრის ნაცვლად საბჭოში 9 ახალი წევრი იქნება განახლებული წესებით არჩეული იმ საკანონმდებლო ცვლილებათა გადამუშავებული პროექტის თანახმად, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში იგეგმება.

ამ ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ქართული ოცნებიდან დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ 30 აპრილს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ თავდაპირველი კანონპროექტი გადაიხედა იმ ექსპერტიზის საფუძველზე, რომელიც ეუთოს დაკვეთით განხორციელდა და გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეცვლა არ მოხდეს დაუყოვნებლივ, არამედ ეს პროცესი განხორციელდეს 2014 წლის იანვრიდან.

მოქმედ 15-წევრიან საბჭოში, ჩაფიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 6 წევრი ისედაც უნდა შეიცვალოს მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ხოლო დარჩენილი წევრები არსებული წესებით 2017 წლამდე უნდა ჩანაცვლდნენ. 

საბჭოს ეტაპობრივი ცვლილების ნაცვლად, დეპუტატ ჩაფიძის განცხადებით, არჩევანი გაკეთდა იმაზე, რომ არსებული საბჭოს დათხოვნა და ახალი წესებით დაკომპლექტება მოხდეს, რადგან მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული, მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციით, სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შენარჩუნება, იმ პირობებში „თუკი ისინი ვერ ახორციელებენ რეალურ კონტროლს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თუკი გადაწყვეტილებები არის სადავო სასამართლოში, თუკი ვერ ხდება ფინანსური თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკონტროლება“.

მიესალმა რა კანონპროექტში გატარებულ გარკვეულ ცვლილებებს, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი მინაშვილმა გაიმეორა ადრინდელი პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა სამეურვეო საბჭოს ერთბაშად განახლებას მხარს არ უჭერს, ვინაიდან ეს არღვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის პრინციპს. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოქმედი წევრები მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ შეიცვლებიან.

საკომიტეტო მოსმენაზე საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური სამეურვეო საბჭოს განახლების ვადას მიესალმა, როგორც „კომპრომისულ“ ვარიანტს.

„შემოთავაზებული ვარიანტი არის კომპრომისული. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან არ იყოს მიბმული ბორდის დაშლასთან დაკავშირებული საკითხები და ვფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის უკეთესი იმაზე, ვიდრე ჩვენ თავიდან გვქონდა“, – განაცხადა მან.

კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით,  შეცვლილია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებული რეგულაციები.

მოქმედი წესით, 15-წევრიანი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს პრეზიდენტი კონკურსის გზით არჩევს და მათ პარლამენტი ამტკიცებს.

საბოლოო ვარიანტის თანახმად, კვლავაც პარლამენტი აირჩევს სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან ექვსი წლის ვადით 2 მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით (თავდაპირველ პროექტში, სახალხო დამცველი კონკურსის საფუძველზე თავად ნიშნავდა ამ ორ წევრს), სამ მეურვეს – საპარლამენტო უმრავლესობის, სამს – პარლამენტის დანარჩენილ წევრთა ერთ მეოთხედზე მეტის წარდგინებით, ხოლო ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით – თავდაპირველ ვარიანტში აჭარის კვოტას ავტომატურად იკავებდა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე.

ცვლილებები განიცადა ასევე მეურვის კანდიდატების შერჩევის წესმა. თუ თავდაპირველ ვარიანტში პარლამენტის თავმჯდომარე აკომპლექტებდა 9-წევრიან საკონკურსო კომისიას, საბოლოო ვარიანტში ასეთი კომისია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს, პარლამენტის დადგენილების საფუძველზე იქმნება.

განახლებულ კანონპროექტში სიახლეა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ამჟამად 6 წელს შეადგენს, ხოლო კანონის მიღების შემთხვევაში, სამეურვეო საბჭო დირექტორს ღია კონკურსის წესით 3 წლის ვადით დანიშნავს.

ამასთან, განახლებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფორმულა. თუ ამჟამად მოქმედი წესით მისი დაფინანსება არ უნდა იყოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ზე ნაკლები, შემოთავაზებული ვარიანტით, ეს ოდენობა 0.14%-მდე იზრდება.

ამ ცვლილებას, მისი ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა მოჰყვეს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის წლევანდელი დაფინანსების, რაც 31.8 მლნ ლარს შეადგენს, კორექტირება მოხდეს, მითუმეტეს, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, აჭარის ტელევიზიაც ამ ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს მისი საერთო ოდენობის არანაკლებ 15%-ით.

კანონპროექტში ცვლილებები შეეხო დებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებლად აჭარის ტელევიზიის გარდაქმნას უკავშირდება იმგვარად, რომ მას სამართლებრივი და ფინანსური ბმა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ამჟამად აჭარის ტელევიზია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაშია, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის ქონების გადაცემა.

განახლებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ორგანო იქნება ღია კონკურსის წესით შერჩეული 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც სამ წევრს აჭარის პარლამენტი უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ხოლო ორს – უმრავლესობის გარეთ არსებული დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით აირჩევს.  მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორს ღია კონკურსით 3 წლის ვადით აირჩევს, კანონპროექტის თანახმად.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე მოიცავს მაუწყებელთა მეტი ფინანსური გამჭირვალობისა და სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის მუდმივდმოქმედ საფუძველზე დაკანონების რეგულაციებს, რაც კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში არ შეცვლილა.

მსგავსი/Related

Back to top button