
ალასანია ლოპოტას ოპერაციის გამოძიების შესახებ
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლოპოტას სპეოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ყოფილი ხელისუფლება ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობდა.
თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება 29 აპრილს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის“ სემინარზე მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კანდელაკმა ჰკითხა მას, რომ რამდენად აუცილებელია უკეთესი კოორდინაცია „სენსიტიურ საკითხებზე“ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც, დეპუტატის თქმით, „ძალიან მყარი ეჭვი" გამოთქვა, რომ „ჩვენი სახელმწიფო მფარველობდა საერთაშორისო ტერორისტებს“. "თქვენ უარყავით ამგვარი მტკიცებულება და თქვით, რომ ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა", – განუცხადა ალასანიას დეპუტატმა.
„ლოპოტას ოპერაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიება მიდის და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა გაკეთდეს წინასწარი დასკვნები“, – უპასუხა ალასანიამ.
„მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი მტკიცების საფუძველი არ გვაქვს. ვნახოთ, გამოძიება დასრულდება და საჯაროდ გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, – განაცხადა მან.
ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის „მუდმივი სრულყოფა უნდა მიდიოდეს“ და დასძინა, რომ ის მზად არის საპარლამენტო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მეტი კომუნიკაციისთვის.
მანამდე ლოპოტას სპეცოპერაციის გამოძიებაზე მორიგი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ”როუზ-როსის“ სემინარზე გააკეთა და განაცხადა, რომ მან „ეჭვი გამოთქვა“ და მტკიცებით ფორმაში აქცენტი არასდროს გაუკეთებია იმაზე, რომ წინა ხელისუფლება „ტერორისტებთან თანამშრომლობდა“.
მისი დღევანდელი განცხადება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი ბარამიძის შეკითხვას მოყვა, რომელმაც ივანიშვილს 26 აპრილს გაკეთებული განცხადების თაობაზე ჰკითხა, სადაც პრემიერ–მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკების გამოძიებამ შესაძლოა გაამყაროს სახალხო დამცველის ბრალდებები, რომ წინა ხელისუფლებამ გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები, რათა შემდგომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში გაეგზავნა.